სოფლის მეურნეობის მინისტრი საუდის არაბეთში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის დედაქალაქ რეადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების გაერთიანების გენერალურ მდივანთან, დოქტორ საუდ ალ მაშართან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საჰაერო გზით ტვირთბრუნვის გააქტიურების და პროდუქციის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
აღნიშნულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის და სურსათის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე მაჯედ ჰამად ალ ხამესი ესწრებოდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული ცხვრისა და ცოცხალი საქონლის ექსპორტი საუდის არაბეთში უკვე ხორციელდება, მარკეტებში უკვე გამოჩნდა დაფასოებული ქართული ხორციც.
არაბული მხარის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, კვლავ აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა მაღალხარისხიანი ქართული პროდუქტის არაბული ქვეყნების ბაზარზე დამკვიდრების მიმართულებით.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუდის არაბეთში ბოლო პერიოდში ცხვრის ექსპორტის მაჩვენებელმა 100 ათასი სული შეადგინა, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა – 2 ათასი სული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი გაასამმაგოს აღნიშნული მონაცემები.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან საუდის არაბეთში ექსპორტირებულია 7.7 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. 2015 წელთან შედარებით, აღნიშნული მონაცემი 68%-ითაა გაზრდილი. 2016 წელს, მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში საუდის არაბეთის წილი 1.1%-ს შეადგენს. 2016 წელს, საქართველოდან საუდის არაბეთში ძირითადად, ექსპორტირებულია ცოცხალი ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხილი, თივა, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური წყლები და სხვა.
ქართულ დელეგაციას, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაფრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში – გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები