“მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიას ჯიბრში იმის გამო ჩაუდგა, რომ მას კომისიის თანათავმჯდომარეობაზე უარი უთხრეს”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიას ჯიბრში იმის გამო ჩაუდგა, რომ მას კომისიის თანათავმჯდომარეობაზე უარი უთხრეს.
როგორც მდინარაძემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რაც უფრო წინ მიდის პროცესი და იხვეწება კონსტიტუციის პროექტი, მით უფრო მძაფრდება პროტესტი ოპონენტების მხრიდან.
”რაც უფრო წინ მიდის პროცესი და იხვეწება კონსტიტუციის პროექტი, მით უფრო მძაფრდება პროტესტი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. პრეზიდენტი, მხოლოდ იმის გამო, რომ კომისიის თანათავმჯდომარეობაზე უარი ეთქვა და ამას დასაბუთებული იურიდიული არგუმენტიც ჰქონდა, თავიდანვე ამ პროტესტის მონაწილე გახდა და ჯიბრში ჩაუდგა კომისიას. მისი ადმინისტრაცია უკვე პირდაპირ ტყუილსაც აღარ ერიდება. გუშინ მათ განაცხადეს, რომ ცვლილებების გატანა კომისიის შემადგენლობის ცვლილების გზით მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაზე დაფიქსირდა 43 მომხრე 8-ის წინააღმდეგ და ხმების ეს რაოდენობა, ნებისმიერ შემთხვევაში, იყო გამსვლელი. რაც შეეხება შემადგენლობაში ცვლილებას, ეს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების კომისიიდან გასვლის სამართლებრივად ასახვამ გამოიწვია. ამან ერთადერთი რამ შეცვალა – არასამთავრობოების და ექსპერტების მიერ დაყენებულ ალტერნატიულ წინადადებებს გაუჩნდათ მხარდაჭერის მოპოვების მეტი შანსი და რამდენიმე შემთხვევაში, ეს ასეც მოხდა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები