მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებათა პაკეტი მთავრობამ დღეს დაამტკიცა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება და პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.
ცვლილებების შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 00-მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.
​რაც შეეხება საყოველთაო პროგრამის ჯგუფებსა და დაფინანსების პირობებს, ის შემდეგნაირად განისაზღვრა: საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს , რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებს, პროგრამის ფარგლებში, კარძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოტერაპია, ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
​დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე, თვითდასაქმებულ, არალეგალური შემოსავლის მქონე პირებს, კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით.
​სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 00 -მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური შემოსავლის მიხედვით.
​პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება, ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლედ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები