გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

​გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ, ენგურის ხიდის გავლით, ე.წ საზღვარი ცოტა ხნის წინ გადაკვეთა. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება რამდენიმე კვირის წინ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილის, როგავების გათავისუფლების საკითხს. იმსჯელებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე და ასევე, სამეურნეო მიწებზე მოსახლეობის შეშვების საკითხზე.
​ენგურის ხიდთან იმყოფებიან როგავების ოჯახის წევრებიც. მათი განცხადებით, თუ დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდება, ისინი აქციებს დაიწყებენ.
„ახალი არაფერი ვიცით. დღეს რა პასუხსაც მივიღებთ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. იმედია, პასუხი დადებითი იქნება და დააბრუნებენ ჩემს ძმას და მამას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავკეტავთ გზას და პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ და ასე მოვითხოვთ მამაჩემისა და ჩემი ძმის გათავისუფლებას“,-განაცხადა თინათინ როგავამ.
​როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, მამა-შვილი როგავების გატაცებასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რასაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.
„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მამა- შვილ როგავებს, ჩვენ ამ ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან აუცილებლად გადავამოწმებთ. ამ საქმესთან დაკავშირებით, არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს“,-განაცხადა ქემოკლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები