პოროშენკო: რუსეთს სანქციები მოლაპარაკების მაგიდასთან აჩერებს
“დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან აჩერებს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ლონდონში, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენ ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება. იმისთვის, რომ უკრაინაში რეფორმები წარმატებით გაგრძელდეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნებული უნდა იყოს. სანქციები ერთადერთი რამეა, რაც მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან აჩერებს“, – განაცხადა პოროშენკომ.
პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი პარალელური რეალობის შექმნას ცდილობს, რაც საერთაშორისო ნორმების სრულ იგნორირებას ნიშნავს.
„მოსკოვისთვის არ არსებობს დემოკრატია და ადამიანის უფლებები. მისთვის არსებობს „მსოფლიო დომინირება“ და გავლენის სფეროები“ , – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესა. ამის შემდეგ, სანქციები რამდენჯერმე გაგრძელდა.