სუს-ი: საერთაშორისო თანამშრომლობის სრულყოფა და გაღრმავება არის ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი შემადგენელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციასა და პარტნიორ სახელმწიფოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
სუს-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა ქვეყნებთან.
„უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის სრულყოფა და გაღრმავება არის ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გრძელვადიანი მიზანია ევროპის და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლის შეძენა წარმატებული კონტრიბუტორის რანგში. აღნიშნული შესაძლებელია გამართული უწყებათშორისი და ღრმა საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
საანგარიშო პერიოდში სუს-ი მჭიდროდ თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან, საგარეო დაზვერვის სამსახურთან, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებთან. სუს-ი აქტიურად მონაწილეობდა არაერთ უწყებათშორის საბჭოსა და მის ფარგლებში შექმნილ რიგ სამუშაო ჯგუფებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საქმიანობაში, რომლის ამოცანაა საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეებისა და გამოწვევების უწყვეტ რეჟიმში დროული გამოვლენისა და რეაგირების უწყებათშორისი მექანიზმის ჩამოყალიბება.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა ქვეყნებთან.
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელდა ცვლილება 11 მთავრობათშორის საერთაშორისო ხელშეკრულებაში, რომელთა საფუძველზეც, საქართველოს მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულებების იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ კომპეტენტურ უწყებად დამატებით განისაზღვრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, – ნათქვამია ანგარიშში.
მათივე ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აქტიურად დაიწყო მისთვის მინიჭებული უწყებათშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების უფლებამოსილების აღსრულება პრაქტიკაში.
„2016 წლის განმავლობაში ხელი მოეწერა სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან უწყებათშორისი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას. საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ შეთანხმება გაფორმებულია 17 სახელმწიფოსთან.
საანგარიშო პერიოდში, სუს-ის აქტიური მონაწილეობით, დასრულდა და 2016 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტი, ასევე 2016 წლის 23 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ შეთანხმებას.
სამსახურის მხრიდან დამუშავდა სხვადასხვა სფეროში ინიცირებული 102 საერთაშორისო შეთანხმების პროექტი. განხორციელდა აღნიშნული პროექტების სამართლებრივი ანალიზი და მათში სათანადოდ აისახა სამსახურის საქმიანობის მიმართულებები და უწყების ხედვა.
უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორულ თანამშრომლობას. სამსახური აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის საელჩოსთან სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL), აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) და სხვა პროგრამების ფარგლებში. 2016 წლის განმავლობაში, როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე გაიმართა 10 ორმხრივი შეხვედრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების ატაშეებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სისტემატურად მიმდინარეობდა მათთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია.
სუს-ი აქტიურადაა ჩართული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციისა და სათანადო დოკუმენტების მომზადების პროცესში. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური ჩართული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამებსა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო (PCF) პროგრამის პროექტში – „საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა“.
საქართველო არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის აქტიური წევრი და ჩართულია სხვადასხვა ანტიტერორისტულ ოპერაციებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე გახდა ევროპის საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტის (CODEXTER) წევრი, რომლის მიზანია ევროპის საბჭოს ფარგლებში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი და სხვა დოკუმენტების შემუშავება.
2016 წლის 22 ივნისს, ვენაში ეუთო-ს შტაბ-ბინაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ეუთო-ს უსაფრთხოების კომიტეტს წარუდგინა საქართველოს ნებაყოფლობითი ანგარიში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყანაში გაწეული საქმიანობის თაობაზე. ეუთო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები.
სუს-ი ინტენსიურად თანამშრომლობს ნატო-სთან და მის სამეკავშირეო ოფისთან. სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. სამსახური, ასევე აქტიურად მუშაობს ნატო- საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ფარგლებში.
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა გაერო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას. სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ გაერო-ს ორგანიზებით გამართულ არაერთ ღონისძიებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესწავლა და ანალიზი“, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები