სუს-ი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ პროფესიონალი და კომპეტენტური კადრები

2016 წელს შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ თანამშრომელთა მომზადების სპეციალური კურსი/პროგრამა – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათ გადასაჭრელად აუცილებელი უნარ-ჩვევების საჭიროების შესაბამისად მუდმივად ფასდება უსაფრთხოების სამსახურის ადამიანური რესურსის შესაძლებლობები და კომპეტენცია. სამსახურში უზრუნველყოფილია დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული თვალსაზრისით.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ პროფესიონალი და კომპეტენტური კადრები. ოპერატიული თანამშრომლების, ანალიტიკოსების, გამომძიებლების, ღია და ფარული შემადგენლობის, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობა ხორციელდება კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, მაღალი პროფესიული სტანდარტით, კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობითა და ეთიკის ნორმების დაცვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, რაც მოიცავს სხვადასხვა აკადემიური განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე საუკეთესო კადრების მოზიდვასა და დასაქმებას, მოტივირებას, განვითარებას, წახალისებასა და მათი კარიერული წინსვლის უზრუნველყოფას.
სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათ გადასაჭრელად აუცილებელი უნარ-ჩვევების საჭიროების შესაბამისად მუდმივად ფასდება უსაფრთხოების სამსახურის ადამიანური რესურსის შესაძლებლობები და კომპეტენცია. სამსახურში უზრუნველყოფილია დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული თვალსაზრისით.
სამსახურში თანამშრომელთათვის შექმნილია სათანადო სამუშაო პირობები, მათ შორის, შესაბამისი ანაზღაურებითა და სოციალური პაკეტით. აღნიშნული მნიშვნელოვანია როგორც შესაბამისი კადრების მოზიდვისათვის, ასევე მათი შენარჩუნებისა და მოტივირებისთვის, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხშირად მათი საქმიანობა გარკვეული რისკების შემცველია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საშტატო რაოდენობა განისაზღვრება 3850 ერთეულით. უწყებაში დასაქმებულია 3764 მოსამსახურე, მათ შორის, 549 ქალი (14,6%).
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის საუკეთესო პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. უსაფრთხოების ცვალებადი გარემო მუდმივად წარმოშობს სასწავლო პროგრამების განახლების აუცილებლობას. არსებული და ახალი სპეციალური სასწავლო პროგრამების მიხედვით განხორციელდა კონტრდაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტების, კონტრტერორისტული ცენტრისა და ანტიკორუფციული სააგენტოს ოპერატიულ თანამშრომელთა გადამზადება. საერთო ჯამში, 2016 წლის განმავლობაში სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 361-მა მოსამსახურემ.
2016 წელს შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ თანამშრომელთა მომზადების სპეციალური კურსი/პროგრამა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტაქტიკური დანაყოფების მომზადებას. სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ბაზაზე, 2016 წლის სექტემბერში დაიწყო
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში ჩასარიცხ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ანტიტერორისტული მომზადების კურსი/პროგრამა“.
ტაქტიკური დანაყოფების გადამზადების პროცესში აქტიურად არიან ჩართული უცხოელი სპეციალისტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ის როლი. ერთობლივად შემუშავდა და დაიხვეწა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო დანაყოფების სპეციალობების – სნაიპერის, ტყვიამფრქვეველის, ყუმბარმტყორცნელის, შემღწევის, პარამედიკის, მეკავშირის და მეიარაღის გადამზადების სასწავლო პროგრამები.
აშშ-ის მხარდაჭერითა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაციით, 2016 წლის აგვისტოში საქართველოში ჩატარდა ერთობლივი მასშტაბური ანტიტერორისტული წვრთნა “Jackal Stone 2016”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო, სამოქალაქო და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. სწავლება მოიცავდა როგორც მძევლების გათავისუფლების და ტერორისტების განადგურების, ასევე ქბრბ ნივთიერებების ამოღების სასწავლო ღონისძიებებს. სწავლება ხორციელდებოდა როგორც ერთობლივად, ამერიკელი პარტნიორების მონაწილეობით, ასევე დამოუკიდებლად მხოლოდ ქართული მხარის უშუალო შესრულებით. წვრთნების მიზანს წარმოადგენდა აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება და საქართველოს შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაზრდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
უსაფრთხოების სამსახურის პირადი შემადგენლობა აქტიურად არის ჩართული პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით ჩატარებულ სასწავლო კურსებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
სამსახური საკუთარი თანამშრომლების განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომების აღმოფხვრას, დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლს, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმებას.
საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა სამსახურის სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტები და განხორციელდა სათანადო რეაგირება. სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა უსაფრთხოების სამსახურის 206 თანამშრომელს (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა 4, სასტიკი საყვედური 33, საყვედური 13, შენიშვნა 11 და ა.შ.).
უსაფრთხოების სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევების სათანადოდ გამკლავებისთვის აუცილებელია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა და მისი მუდმივი განახლება. საანგარიშო პერიოდში განახლდა კავშირგაბმულობისა და რადიო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. ჩანაცვლდა მოძველებული საოფისე და კომპიუტერული ტექნიკა. განხორციელდა ამორტიზებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სპეციალური საბრძოლო დანაყოფების საველე სწავლებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები და სასწავლო- საბრძოლო წერტილები“, -ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები