სუს-ი: 2016 წლის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა ახალი სამართლებრივი აქტების შემუშავების პროცესი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამართლებრივი ბაზის სრულყოფას, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
მათი ცნობით, 2016 წლის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა ახალი სამართლებრივი აქტების შემუშავების პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებელ, სრულყოფილ ფუნქციონირებასთან.
„საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ეფექტიანი საქმიანობის მიზნით, შემუშავდა და გამოიცა 200- ზე მეტი ახალი სამართლებრივი აქტი. ასევე, სამსახურმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ მომზადებულ 500-მდე სამართლებრივი აქტის პროექტზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობით მომზადდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც განისაზღვრა სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამინისტროთა (უწყებათა, საწარმოთა) უფლებამოსილებები, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით. ასევე, ხელმძღვანელობს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებს და კოორდინაციას უწევს აღნიშნულ სფეროში კონტრტერორისტულ საქმიანობას.
ამოქმედდა სამსახურის უფროსის ბრძანება „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, რომელიც მიზნად ისახავს ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების აღიარებასა და კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვას. აღნიშნულმა კომისიამ მოქმედება დაიწყო 2016 წლის 1 მაისიდან.
აღსანიშნავია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტივობა საქართველოს საერთო სასამართლოებთან ურთიერთობის კუთხით. საანგარიშო პერიოდში საერთო სასამართლოებს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, სამსახურის მიერ შეუფერხებლად მიეწოდათ ამა თუ იმ საქმის განხილვისთვის საჭირო საიდუმლო თუ არასაიდუმლო ინფორმაციები/მტკიცებულებები. 2016 წელს საერთო სასამართლოებში გაიგზავნა 200-მდე ინფორმაცია/მტკიცებულება. ასევე საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო 14 სასამართლო დავის საქმეში“, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები