თამარ ტალიაშვილი: მე მომწონს ის, რომ აქცენტია არა ფასადურ, არამედ გრძელვადიანი ეფექტის მქონე პროექტებზე

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა თბილისის მერის ყოველწლიური ანგარიში შეაფასა და  განაცხადა, რომ დავით ნარმანიას მიერ წარმოდგენილი ანგარიშით სრული კრახი განიცადა ოპონენტების მიერ წლების განმავლობაში ჩვეულმა პიარმანიპულაციამ წინასწარ განსაზღვრული მესიჯბოქსებით, ვინაიდან მათი გზავნილები სრულიად აცდენილი იყო აქ წარმოდგენილი ანგარიშის ხასიათს და კონკრეტულ საქმეთა ჩამონათვალს.

,,დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დედაქალაქის ხელისუფლება ახორციელებს პროექტებს, რომელიც არა ფასადურ, არამედ ფუნდამენტურ, გრძელვადიან და არსებითად დადებით ეფექტზეა გათვლილი“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა  დედაქალაქის მერიის მიერ მდინარეების მტკვრისა და დიღმულას გაწმენდითი სამუშაოების  ჩატარების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს მდინარეების  კალაპოტის ნარჩენებისაგან გაწმენდის პირველი პრეცედენტია.

“ქალაქი თბილისი მდინარე და მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობაშია გაშენებული  და აღსანიშნავია, რომ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება მდინარეებზე არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, თავიდან ავიცილოთ ღვარცოფი და წყალდიდობა. მაგალითად, დიდი  რაოდენობით ნალექის მოსვლის შემთხვეევაში,  განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგებოდა ვაშლიჯვარი-დიღმის მონაკვეთი, დიღმულას ჩახერგილი კალაპოტის გამო არსებობდა წყალდიდობის საშიშროება. დღეისათვის, რისკები, რაც ბუნებრივ კატაკლიზმებს უკავშირდება, მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა,  აღნიშნული ღონისძიებებებით გაუმჯობესდა ამ ორი მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც, ზოგადად, ქალაქის ეკოლოგიაზეც დადებითად აისახება,“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისია თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.

,,ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში ჩადებული ინვესტიცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში სკოლამდელი განათლების სისტემაში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით.თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლობით, გადაიდგა მრავალი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიის, ჯანსაღი განვითარების, ინკლუზიური აღზრდა-განათლების, ინფრასტრუქტურის არსებითი გაუმჯობესებისა და ახალი ინიციატივების დანერგვის თვალსაზრისით. უნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ბაგა-ბაღების 90%-ში ვუზრუნველყავით ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც. პედაგოგების დასაქმება, მრავლისმეტყველია ჩვენს ხედვაზე ამ მიმართულებით“.- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ იმ უპრეცედენტო პროექტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რომელიც საჯარო სკოლებში  იმ მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველყოფას გულისხმობს სასწავლო პროცესში, რომელთათვისაც აქამდე გარე სამყაროსთან კომუნიკაცია გარკვეულ ფიზიკურ დაბრკოლებებთან იყო დაკავშირებული.

“დღეის მდგომარეობით უკვე 6 ადაპტირებული მიკროავტობუსი ემსახურება ეტლით მოსარგებლე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და წლის ბოლომდე კიდევ 2 ადაპტირებული მიკროავტობუსის შეძენით თბილისში არსებული მოთხოვნა ამ სერვისზე სრულად იქნება დაკმაყოფილებული.“- აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში ხაზი გაუსვა იმ სიახლესაც, რაც სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, წარჩინების დონის მიხედვით 100%-ით სწავლის დაფინანსებას გულისხმობს, ნაცვლად 50%-ისა, როგორც ეს ადრე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები