ყოველწლიური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ იწყება

საქართველოში რიგით მე-12, ყოველწლიური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ იწყება – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა მანანა ხვედელიძემ ისაუბრა.
როგორც მანანა ხვედელიძემ აღნიშნა, ფესტივალი 20 აპრილს მაესტრო ვახტანგ კახიძის დარბაზში დაიწყება და ბათუმში „ამაღლების“ დღესასწაულზე დასრულდება.
მისივე თქმით, ფესტივალი, რომელიც 40 დღე გაგრძელდება, წელს ორ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება.
„ფესტივალი ყოველთვის უკავშირდება უწმინდესისა და უნეტარესის სახელს, სწორედ მისი ინიციატივით მოხდა ამ პროექტის ინიცირება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე-12 ფესტივალი განსაკუთრებულია კიდევ იმით, რომ ის ორ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს ეხება. კერძოდ, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს და ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავს. ამიტომ ეს ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ფესტივალი სახელწოდებიდან გამომდინარე, სწორედ აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში იწყება და ბათუმში, „ამაღლების“ დღესასწაულზე დაიხურება“, – აღნიშნა მანანა ხვედელიძემ.
ხვედელიძემ ფესტივალის პროგრამის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, წლევანდელ ფესტივალს ახალი სახეებიც შეემატება.
“წელს ფესტივალს შემოუერთდება იტალიაში მცხოვრები მუსიკოსი და მსოფლიოში ცნობილი აღიარებული სოპრანო იანო თამარ ალიბეგაშვილი. ასევე, ჩვენი ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც გახლავთ ამერიკაში მოღვაწე და ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. წლევანდელი ფესტივალი არამარტო აკადემიური და სიმფონიური, კამერული კონცერტებით დაიტვირთა, არამედ ვოკალური ხელოვნებითაც. 20 აპრილს, მაესტრო ვახტანგ კახიძის დარბაზში და მისი ხელმძღვანელობით წარმოდგენილი იქნება ფესტივალის საზეიმო გახსნა. წარმოდგენილი იქნება ქართული და მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავების შემოქმედება. სავარაუდოდ გახსნას დაესწრება საქართველოს პატრიარქი“, – აღნიშნა მანანა ხვედელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები