ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ბელგიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო, ნაყოფიერი და მეგობრული ხდება

ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაძლიერების პარალელურად, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და პარლამენტებს შორის კავშირი კიდევ უფრო საქმიან და პრაქტიკულ სახეს შეიძენს ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ზიგფრიდ ბრაკესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ და ზიგფრიდ ბრაკემ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზიგფრიდ ბრაკეს ვიზალიბერალიზაციის მიღწევასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ მინდა მადლობა გადავუხადო ბელგიას, ჩვენს ბელგიელ მეგობრებს, ბელგიის პარლამენტს, პირადად ბატონ სპიკერს მის მიერ შეტანილი წვლილისთვის ამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბელგიელ მეგობრებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით მხარდაჭერის საქმეში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და ბელგიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო, ნაყოფიერი და მეგობრული ხდება.ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობაც.
„ჩვენ წელს აღვნიშნავთ 25-ე წლისთავს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების და მოხარული ვართ, რომ საქართველოსა და ბელგიას შორის ურთიერთობები სულ უფრო მჭიდრო, ნაყოფიერი და მეგობრული ხდება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურება არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ევროკავშირის, ნატოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში. ამ კონტექსტში, საქართველოსა და ბელგიის პარლამენტებში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები, ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისაუბრეს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაძლიერების პარალელურად, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და პარლამენტებს შორის კავშირი კიდევ უფრო საქმიან და პრაქტიკულ სახეს შეიძენს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები