გია ვოლსკი: პრეზიდენტის მხრიდან არაჯანსაღი და არასწორი მოქმედებები შეიმჩნევა
საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველივე დღიდან პრეზიდენტი ჩადგა ისეთ პოზიციაში, რომელსაც არ მინდა ბოიკოტი ვუწოდო, მაგრამ რეალურად გაემიჯნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატი პრეზიდენტის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტთან დაკავშირებით შეცდომაშია შეყვანილი.
„შეცდომაში შეიძლება იყოს ვინმე შეყვანილი, რომ არ ვხედავდეთ ზედაპირზე რა დევს. პრეზიდენტს ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვს მწვავე გამოსვლები. პრაქტიკულად, პარალელურ პროცესს აწარმოებს, მაშინ როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს.
ახლა იქ გვერდით გაყვანა მოხდა და ყურში ჩაჩურჩულება, რომ მოდი ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდეთ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თვალხილული რასაც ვხედავ პროცესს, საკმაოდ არაჯანსაღი და არასწორი მოქმედებები შეიმჩნევა პრეზიდენტის მხრიდან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.