ლევან იზორია: სანამ აგრესორი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას, უნდა იფიქროს, რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო

ჩვენს მიერ დაგეგმილი ნაბიჯები უნდა გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქოლგა დაცვისა იმ საფრთხეების წინაშე, რა საფრთხეების წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ევროპა და ცივილიზებული სამყარო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მინისტრის ანგარიშს უსმენენ.

იზორიას თქმით, სანამ აგრესორი გადაწყვეტს თავდასხმას, მან უნდა იფიქროს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო და მან უნდა იფიქროს, ღირს თუ არა საერთოდ ამ შემთხვევაში თავდასხმა.
”თუ ქვეყანა არ იქნა დაცული, თუ მისი სუვერენიტეტი არ იქნა უზრუნველყოფილი, განვითარების შანსი არ გვაქვს. ეკონომიკურ განვითარებაზე ზედმეტია საუბარი, ამიტომ სწორედ ჩვენს მიერ დაგეგმილი ნაბიჯები უნდა გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქოლგა დაცვისა იმ საფრთხეების წინაშე, რა საფრთხეების წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ევროპა და ცივილიზებული სამყარო, საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს და საფრთხე, რომელსაც ადეკვატური პასუხები უნდა გავცეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით. საუკეთესო საშუალება შეკავების პოლიტიკის ფარგლებში არის სწორედ ის და სწორედ ის აკავებს აგრესორს ყველაზე მეტად, რომ ჩვენი სამხედრო მზადყოფნა იყოს ძლიერი. ეს ამცირებს სწორედ აგრესორის თავდასხმის რისკს, ამიტომ სანამ აგრესორი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას, მან უნდა იფიქროს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო და მან უნდა იფიქროს, ღირს თუ არა საერთოდ ამ შემთხვევაში თავდასხმა”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
იზორიას თქმით, ყველა რეფორმის ყველა მიმართულება სწორედ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
”რუსეთთან ომმაც გვასწავლა, რომ შეიძლება დასავლეთი აღმოსავლეთს მოწყდეს, მსგავს შემთხვევებში ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვრთნებით, ჩვენი მართვის სტილით ავტონომიურ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღების ისეთი მექანიზმები შევქმნათ, რომ მათ შეეძლოთ იმ ცენტრალური გადაწყვეტილებების ფარგლებში დეცენტრალიზებულად ამ ამოცანების აღსრულება. ეს არის ნატოს სტანდარტი, ეს არის ჩვენი ახალი სტანდარტი, რომელსაც ვამკვიდრებთ”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები