თავდაცვის მინისტრი სომხეთის მიმართულებით „იგლას“ ტიპის საზენიტო დანადგარების გადასვლის ფაქტს არ ადასტურებს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს საზღვრიდან სომხეთის მიმართულებით „იგლას“ ტიპის საზენიტო დანადგარების გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნულს არასწორი უწოდა.
როგორც იზორიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას საპარლამენტო ოპოზიციის წევრის თენგიზ გუნავას კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გამოძიების ფარგლებში მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა.
„რაც შეეხება საზენიტო დანადგარებს ”იგლა”, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ პირველ დღეს იყო გარკვეული კითხვის ნიშნები, თუმცა მეორე დღეს სომხურმა მხარემაც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე თქმა იმისა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა ”იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარები, არის არასწორი ინფორმაცია.
გამოძიების ფარგლებში ასეთი ფაქტი არ დასტურდება. გამოძიება გრძელდება, თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ, ამაზე საზოგადოება ინფორმირებული იქნება. ყველა საზენიტო დანადგარს აქვს სპეციალური კოდი. მე სპეციალურად მივიღე იმ დილითვე გადაწყვეტილება, რომ აღგვერიცხა თავიდან. ყველა ის რაოდენობა, რაც იყო აღრიცხული, ახლაც ადგილზეა. მე არ ვიცი, 20 წლის წინ თუ იყო სადმე მიმალული. ეს არის საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კითხვები აღარავის გაუჩნდეს ანუ ამ ტიპის დანადგარის გადინება აბსოლუტურად გამოვრიცხეთ”, – განმარტა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები