”ნაციონალური მოძრაობა” ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და ”რეფერენდუმს” გმობს

ე.წ. ”რეფერენდუმი” და ”არჩევნები” წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას და შესაბამისად, ცნობილია არალეგიტიმურად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გმობს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონისთვის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“-ს სახელის მინიჭებას,
”ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევა არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელება – ეთნიკური წმენდისა და სამხედრო აგრესიის, ასევე, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამხედრო-საჯარისო შენაერთების რუსეთის სამხედრო ძალებთან გაერთიანების და ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსიის დაკანონების მცდელობა. ის ხელს უშლის საერთაშორისო ფორმატებში მიმდინარე მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივას.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა; გააძლიეროს ძალისხმევა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისთვის და მკვეთრი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოებულ ღია ანექსიის პროცესზე. ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობებში ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების ხარჯზე გატარებული შეგუების პოლიტიკა მხოლოდ უმარტივებს რუსეთს დასახული მიზნების მიღწევას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები