დავით საგანელიძემ ლისის ტბაზე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგები დარგო

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგები ლისი დეველოპმენტის ტერიტორიაზე მდებარე რეზო გელაშვილის სახელობის პარკში შვილებთან ერთად დარგო. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ფიჭვის ნერგები დავით საგანელიძემ თბილისს საჩუქრად რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან გადასცა. უნიკალური ჯიშის 5000-მდე ფიჭვის ნერგიდან ნაწილი თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაირგო და მას რაჭის ხეივანი“ დაერქვა. ხეების დარგვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
მომღერალ რეზო გელაშვილის სახელობის პარკში ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, „თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძე და ლისი დეველოპმენტის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ადეიშვილიმა მიიღეს.
„მესამე წელია გრძელდება ეს ტრადიცია. ჩემი ეზოდან გადმომაქვს ნერგები და ამ აქციით ვცდილობ მეც ჩემს შვილებთან ერთად მცირეოდენი წვლილი შევიტანო თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზოგადად თბილისის გარშემო რეკრეაციული ზონის გაფართოვებაში,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.
წელს, დავით საგანელიძემ თბილისს 5000- მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი აჩუქა, რომლის ნაწილიც უკვე დაირგა თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. თბილისის ზღვაზე ნერგების დარგვის ღონისძიებაში მონაწილეობა საპარტნიორო ფონდის თანამშრომლების გარდა, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უკვე მესამე წელია საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგებს თბილისის შემოგარენში რგავს. „გაამწვანე შენი ქალაქი“ აქციას ტრადიციას საფუძველი კომპანია „ჰუალინგის“ პრეზიდენტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რაჭაში სტუმრობის დროს ჩაეყარა. თბილისის ზღვაზე „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათი ათასობით უნიკალური ჯიშის ნერგი უკვე დაირგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები