გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს დეპუტატებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე და დეპუტატები 9 აპრილის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც მემორიალთან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გადაიხადა.
ტრაგედიის ადგილზე მისულმა საკრებულოს თავმჯდომარემ 28 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„28 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან, რომელსაც სრულიად საქართველო დიდი ტკივილითა და სიამაყით იხსენებს. ეს დღე იქცა ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. მინდა მივუსამძიმრო თავისუფლებისკენ სწრაფვის გამო დაღუპულთა ოჯახებს. სწორედ ამ ადამიანების თავგანწირვამ მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენი ვალია ამ გმირების ხსოვნას პატივი მივაგოთ“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის იყვნენ ქალები და სკოლის მოსწავლეები.
1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები