შსს-ს დანაყოფებს იორდანიის ჟანდარმერიის დელეგაცია ეწვია

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟანდარმერიის დელეგაცია, გენერალური დირექტორის, გენერალ-მაიორ ჰუსეინ ალ ჰავათმეს ხელმძღვანელობით, შსს-ს დანაყოფების მუშაობას გაეცნო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიას და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ მინდია ლორთქიფანიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იორდანიის შს სამინისტროს ჟანდარმერიის დეპარტამენტს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
იორდანიის ჟანდარმერიის დირექტორმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანებაში (FIEP) გაწევრიანებასთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და სპეციალური ოპერაციების ძალების გამოფენასა და კონფერენციაზე (SOFEX) მიიწვია, რომელიც იორდანიაში გაიმართება.
SOFEX-ის ფარგლებში, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო გამოწვევებზე ორიენტირებულ პრაქტიკულ წვრთნებში მონაწილეობა მიიღოს და სხვადასხვა ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალებთან ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობა გააღრმავოს.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ დაათვალიერეს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები