გედევან ფოფხაძე: ვაღიარებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა გიორგი მარგველაშვილისთვის არ მიმიცია

“ვაღიარებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა გიორგი მარგველაშვილისთვის არ მიმიცია, კობა დავითაშვილი შემოვხაზე”, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
ფოფხაძემ აღნიშნული დამოკიდებულების მიზეზი განმარტა.
„ვაღიარებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა გიორგი მარგველაშვილისთვის არ მიმიცია, კობა დავითაშვილი შემოვხაზე. მაშინ გუნდის ერთიან პოზიციას დავეთანხმე, რადგან მიმაჩნია, რომ არის საკითხები, სადაც გუნდურობა უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ შინაგანად, სურვილი არ მქონდა, რომ ხმა მარგველაშვილისთვის მიმეცა. მარგველაშვილის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, შინაგანი პროტესტი მქონდა. მიმაჩნია, რომ ადამიანებმა ისეთი მისიის შესრულებაზე პრეტენზია არ უნდა გამოვთქვათ, რომელსაც არც ვიმსახურებთ და არც შეგვიძლია გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, მარგველაშვილი ამ შეთავაზებას არ უნდა დათანხმებულიყო“, -აღნიშნავს დეპუტატი.
​ფოფხაძემ აღნიშნა, რომ მარგველაშვილთან მიმართებაში, პირადი დამოკიდებულება „ქართულ ოცნებაში“ თავის დროზე არ დაუფიქსირებია.
„ეს პოზიცია გუნდში არ დამიფიქსირებია, რადგან ჩავთვალე, რომ ერთიანი გუნდი ვართ, პრეზიდენტს თავისი როლი, ადგილი ექნებოდა და იმ საერთო პოლიტიკის კეთებას გააგრძელებდა, რაც ჩვენ გვქონდა. ჩავთვალე, რომ ეს ადამიანიც გუნდის ნაწილი იქნებოდა და ჩემი განცხადებებით გუნდის ერთიანობაში დისკომფორტი რომ შემეტანა, სწორი არ იქნებოდა. ალბათ მაშინ ღირდა, უბრალოდ მეთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო, მაგრამ გუნდის გადაწყვეტილებას მაინც ვერ შევცვლიდი. ამის გამო, ჩემი მხრიდან სწორი არც გუნდიდან წასვლა იქნებოდა. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები