ეკა ბესელია: საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაცია ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს

​შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ლუკას ბეგლინგერმა შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ეკა ბესელიას და ჯგუფის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ლუკას ბეგლინგერმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ მიმართეს.
პარლამენტის პერესსამსახურის ცნობით, ეკა ბესელიამ ლუკას ბეგლინგერს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ წელს საქართველო–შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე საიუბილეო წელი აღინიშნება.
„მოგესალმებით ყველას და მინდა, საქართველო–შვეიცარიის მეგობრობის ჯგუფის სახელით, მადლობა გადავუხადო შვეიცარიის ელჩს საქართველოში, ბატონ ლუკას ბეგლინგერს. მინდა მადლიერებით ავღნიშნო, რომ წელს საქართველო–შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო, 25 წლისთავია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
​შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას ზეიმობს, რაც დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, საქართველო აფასებს შვეიცარიის სამშვიდობო მანდატს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებში.
„ჩვენ ვაფასებთ თქვენი ქვეყნის სამშვიდობო მისიას. შვეიცარიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავე დროს, 2009 წლიდან შვეიცარიას მინიჭებული აქვს განსაკუთრებული მანდატი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებში და ასრულებს მედიატორის ფუნქციას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიამ შვეიცარიის ფედერალურ ასამბლეაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის ისტორიაზე, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ ორმხრივ მნიშვნელოვან ვიზიტებზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
„ჩვენ ვაფასებთ ამ აქტიურ და მეგობრულ თანამშრომლობას და მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაგრძელოთ მეგობრობის ჯგუფს ახალი შემადგენლობით. ძალიან აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში, გამოვყოფდი რამდენიმე მიმართულებას. მნიშვნელოვანია საქართველო-შვეიცარიას შორის სამართლებრივი ბაზის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენი ქვეყნის პარლამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იქნება ჩვენი შემდგომი საქმიანობის მთავარი დღის წესრიგი. მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და რეფორმების გაცნობა. შვეიცარიასთან ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სამთო ტურიზმის, კერძოდ, საქართველოს მთიანი, სერიოზული ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონების განვითარების საქმეში შვეიცარიული გამოცდილების გაზიარება განიხილება. აღნიშნული საკითხის ორმხრივ ფორმატში განხილვა 2016 წლის იანვარში დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შორის შემდგარ შეხვედრაზე დაიწყო. ამ კონტექსტში, საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, ყურადღებას ამახვილებს მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამავე რეგიონების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე ზრუნვას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
​მისივე თქმით, 2005 წელს დაფუძნებული საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაცია ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს.
„ბევრი საინტერესო რამ მოხდა ამ წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა. თქვენი დამოკიდებულება პირველივე დღიდან ამის დამადასტურებელია, ბატონო ელჩო. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ჯგუფის სახელით, სამშვიდობო მანდატისთვის, რასაც შვეიცარია წლებია ახორციელებს და მადლიერებას პირადად თქვენ მიმართ. მჯერა უკეთესი მომავლის, ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მეტი სიახლოვის და ერთობლივი წარმატებული თანამშრომლობის”, – განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ.
​შეხვედრას მეგობრობის ჯგუფის წევრების გარდა, შვეიცარია-საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები