ტალებ რიფაი პრემიერ-მინისტრს: თქვენ ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ძვირფასი პარტნიორი ბრძანდებით

​გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტალებ რიფაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე უწოდა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აღფრთოვანებით ადევნებს თვალს მმართველი გუნდის აქტივობებს. ამასთან, ტალებ რიფაიმ სიტყვის გამოსვლისას, ტურიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის ზრდის რეალური და ეფექტური მექანიზმი უნდა გახდეს განვითარება.
„ჩემთვის უდიდესი პრივილეგია და პატივია თქვენი ხელახლა ხილვა. საქართველოში გამართულ ჩვენს შეხვედრებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ შესანიშნავი მოგონებები მაქვს. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს შეხვედრაზე გასულ წელს მადრიდში, როდესაც თქვენ ყველაზე ნამდვილად წარუშლელი, შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინეთ. დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისათვის. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც პირადად შეუერთდა საერთაშორისო კონფერენციას – “ევროპის ტურიზმი მდგრადი განვითარებისთვის” და თქვენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ძვირფასი პარტნიორი ბრძანდებით. თქვენთან თანამშრომლობა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თქვენ ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე ბრძანდებით და ჩვენ აღფრთოვანებით ვადევნებთ თვალს თქვენს ყველა ნაბიჯს და მთელი თქვენი გუნდის აქტივობებს. თქვენი აქ ყოფნა, პრემიერ-მინისტრო, ძლიერი და ნათელი გზავნილია, რომელიც ჩვენ გვესმის, პატივს ვცემთ და ვაფასებთ. ტურიზმის განვითარების არც ერთი წინაპირობა არ იქნება ეფექტური, თუ პოლიტიკურ ლიდერებს ამის არ სწამთ. ჩვენს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ კუთხით თქვენ შესანიშნავი ლიდერი ბრძანდებით“,-განაცხადა თბილისში მიმდინარე ტურიზმის კონფერენციაზე ტალებ რიფაიმ.
მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი აქვს.
“მინისტრო გახარია, მე მხოლოდ გუშინ შეგხვდით პირველად. თუმცა დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ. სულმოუთქმელად ველი ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობას. თქვენი წამოწყება, ის, რის განხორციელებასაც ახლახან შეუდექით, ნამდვილად შთამბეჭდავია. დიდი მადლობა თქვენი ძალისხმევისათვის. ძვირფასო მინისტრებო, დიდი სიამოვნებით დაგასახელებდით სათითაოდ, რადგან თქვენი დიდი ნაწილი ჩემი პირადი მეგობარი გახდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო და ვახსენო ერთი განსაკუთრებული ადამიანი, რომელსაც ჩვენ “ქართველი გიორგის” სახელით ვიცნობთ. ეს გახლავთ საქართველოს ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან ცნობილი და აქტიური პიროვნება გახლავთ. ჩვენ გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში ძალიან ამაყები ვართ, რადგან საქართველოსთან უაღრესად მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი, ძალიან თვალსაჩინო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ეს პარტნიორობა ემყარება ერთიან ხედვას, რომლის თანახმადაც ტურიზმს ტრანსფორმაციული უნარი გააჩნია – მას აქვს ხალხისა და პლანეტისათვის უკეთესი მომავლის შექმნის პოტენციალი. ჩვენ ეს ხედვა უნდა გავიზიაროთ, თუმცა ამ ხედვის საფუძველზე, ტურიზმი ზრდის რეალური და ეფექტური მექანიზმი უნდა გახდეს, განვითარება, რა თქმა უნდა, მდგრადი უნდა იყოს. ეს საქართველოს განვითარებას უზრუნველყოფს”,- აღნიშნა ტალებ რიფაიმ.
მანვე განაცხადა, რომ არსებობს სამი მნიშვნელოვანი მიღწევა, რომლებიც ადასტურებს მთავრობის ძალისხმევისა და ხედვის ეფექტურობას, მიუხედავად ყველასათვის ცხადი და ძალიან ნათელი გამოწვევებისა, ამ გზაზე.
“პირველი, უცხოელ ტურისტთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება და აისახება ამ გზით გენერირებული შემოსავლების ზრდაში – გასულ, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და წელს კიდევ უფრო უკეთეს შედეგს ველით. 2017 წლის პირველი სამი თვის პროცენტული მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორნიშნა რიცხვით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2012 წელს 4 მილიონზე ოდნავ მეტი ტურიზმის მასპინძელი ქვეყნიდან საქართველო 2016 წელს გადაიქცა 6,3 მილიონი სტუმრისათვის სასურველ მიმართულებად, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა. მეორე, აღსანიშნავია თქვენი ძალისხმევა მგზავრობის გამარტივების კუთხით, კავშირის გზების გაზრდილი რაოდენობის, (ენერგეტიკული?) წყაროების ბაზრის გამრავალფეროვნების, პრემიერ-მინისტრის მიერ მოხსენიებული შთამბეჭდავი რეფორმები და სავიზო რეჟიმის ცვლილება ძალიან თვალსაჩინო და აღიარებულ მიღწევას წარმოადგენს. ჩვენ ვერ გავუწევთ ქვეყანას პოპულარიზაციას, თუ ხალხი ამ ქვეყანაში ჩასვლას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ფორმალობებისა თუ გზების არასაკმარისი რაოდენობის გამო მარტივად ვერ ახერხებს. პრემიერ-მინისტრო, თქვენ მნიშვნელოვანი შრომა გასწიეთ. მესამე და ეს საკითხისათვის უმნიშვნელოვანესია : თქვენი ძალისხმევა სამთო კურორტების განვითარების კუთხით, განსაკუთრებით, არასეზონურ პერიოდში, ძალიან დროული და მნიშვნელოვანია. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, ჩამოყალიბდეს ღირსეულ მნიშვნელოვან სამთო დანიშნულების ცენტრად. ნებისმიერს, ვისაც ამ ვიდეოს ნახვის საშუალება მიეცემა, საქართველოზე ძალიან ნათელი წარმოდგენა შეექმნება“,-განაცხადა ტალებ რიფაიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები