საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების გამოყენების კვლევის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების სტანდარტების განხილვის მიზნით, უზენაესი სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართა. როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, სასამართლოების, სახალხო დამცველის ოფისის, იურისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის კვლევის შედეგებს გაეცნენ.
​ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მიმართა, რომელმაც ევროპული კონვენციისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობასა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მათი იმპლემენტაციის გზაზე გადაიდგმება.
“ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების როლი უდავოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის, არამედ დემოკრატიის მშენებლობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ბუნებრივია, აღნიშნული პროცესის შესრულებისას, გვაქვს გამოწვევები და ერთობლივი ძალისხმევით, ვცდილობთ ამ გამოწვევების დაძლევას. მე-9 მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ერთ-ერთ მიმართულებას ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური გარანტიების მექანიზმებზე მუშაობა წარმოადგენს, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ინსტიტუციურ დონეზე მოვახერხოთ სტრასბურგის სასამართლოებისა და კონვენციის დებულებების გადაწყვეტილების კიდევ უფრო განვითარება”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
​უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ შეაფასა. მისი განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საქართველოში ადამიანთა უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაციის და პრინციპების გამოყენების ორი კვლევის პრეზენტაციას შეეხება. ანალოგიური შინაარსის შეხვედრა გასული წლის აპრილშიც გაიმართა და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება ერთგვარ ტრადიციად იქცა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთან ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით არსებული მაღალი მოლოდინები შევინარჩუნოთ. ერთობლივი პროექტი, რომელსაც ევროპის საბჭო და ევროკავშირი ვახორციელებთ, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის ხელშეწყობას და საქართველოს მოსამართლეებისთვის, პროკურორებისა და ადვოკატებისთვის ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარების გაწევას”, – განაცხადა კრისტიან ურსემ.
შეხვედრა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და ევროპულ სტანდარტებთან სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა” ფარგლებში ჩატარდა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის „პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს” ნაწილს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები