თბილისის მერმა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი შეაჯამა

ინფრასტრუქტურა და მშენებლობა, ტურიზმი, განათლება, ნარჩენების მართვა, ტრანსპორტი, სავაჭრო ინდუსტრია და ლოჯისტიკა – სწორედ, აღნიშნული სექტორები განიხილა თბილისის მერმა უცხოელ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრებზე, მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობის ჭრილში.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ დუბაიში საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები და მათ თბილისის, როგორც საინვესტიციო, ასევე, ტურისტული პოტენციალი გააცნო. გარდა ამისა, ის კონკრეტული პროექტები წარუდგინა, რომელიც შესაძლოა, დედაქალაქში უახლოეს პერიოდში განხორციელდეს. Loukil investment group, Mubadala, AE7, Visa – აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებს თბილისის მერი, დუბაიში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, პირადად შეხვდა.
ბიზნესსექტორის მხრიდან, მოლაპარაკებების შემდეგ, თბილისში ჩამოსვლის და პროექტების ადგილზე, დეტალურად გაცნობის სურვილი გამოითქვა.
“ჩვენ წარმოვადგენთ Loukil Group ინვესტორებს ტუნისიდან და ვცდილობთ ქვეყნის გარეთ გასვლას, ვეძებთ კარგ საინვესტიციო შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, უძრავი ქონების სექტორში. ვიმედოვნებთ, რომ თბილისში ჩამოვალთ, რათა ადგილზე გავეცნოთ არსებულ პოტენციალს. დიდი სურვილი გვაქვს თანამშრომლობის. პირველ რიგში, ვნახავთ იმ სააგენტოებს, რომლებიც ჩვენთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმუშავებენ და რომლებსაც ვენდობით. დავსახავთ ორმხრივ სამომავლო გეგმებს და დავამყარებთ ახალ ურთიერთობებს ტუნისსა და თბილისს შორის. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტირებას უძრავი ქონების, ენერგეტიკის, IT-ის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის გზები”, – განაცხადა Loukil group-ის ბიზნეს განვითარების დირექტორმა, სერჰან ნასრიმ.
Visa-ს გლობალური სამთავრობო ურთიერთობის (CEMEA) ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოანე მარქუესთან გამართულ შეხვედრაზე კი თბილისის მერმა მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული გადახდის სისტემასა და სერვისის გამარტივების გეგმის შესახებ ისაუბრა. ჯოანე მარქუესმა თბილისს მხარდაჭერა აღუთქვა და სამომავლო ურთიერთობებში მჭიდრო თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა. დედაქალაქის მერი, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში, აბუ დაბის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესაც შეხვდა. Dubai World Trade Centre-ში გამართულ შეხვედრებს საქართველოს ელჩი ქუვეითსა და გაერთიანებულ საამიროებში როლანდ ბერიძე ესწრებოდა. დავით ნარმანიას საქმიანი ვიზიტი გაერთიანებულ საამიროებში ამით დასრულებულია.
“ბიზნესსექტორთან გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომლის შედეგიც არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა, ისინი ადგილზე ჩამოვლენ, რათა მათთვის საინტერესო პროექტებს გაეცნონ. მნიშვნელოვანია ბიზნესთან შეხვედრა, რომელიც ჩვენს მუნიციპალურ ტრანსპორტში უფრო თანამედროვე და მოქნილი ელექტრონული გადახდის სისტემის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება, ასევე, მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანიასთან შეხვედრა, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, თბილისის ზღვის განვითარების პროექტში მიიღოს მონაწილეობა და შესაბამისად, ჩამოიყვანოს სხვა ინვესტორებიც, ვინც შეძლებს, რომ დააბანდოს ფული ამ ბიზნესში. აღსანიშნავია ტურიზმის სექტორში თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, შესაბამისად, საერთო ჯამში, ძალიან დიდია ინტერესი თბილისთან მიმართებაში, ვინაიდან ჩვენ ძალიან მარტივი და საინტერესო საგადასახადო სისტემა გვაქვს, იოლია ადმინისტრაციული პროცედურები, ბიზნესის კეთება. ამდენად, ამ ინტერესის და შეხვედრების ფარგლებში, შესაძლოა, რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდეს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ ვიზიტის შეჯამებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები