სოფიო ქაცარავა ბანგლადეშში შეხვედრებს მართავს

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებს მართავს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრთან, ნაიჯელ ევანსთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე და ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. ნაიჯელ ევანსმა ქართულ მხარეს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი, ასევე,საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. ნაიჯელ ევანსმა ქართულ მხარეს დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.
საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დანიის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან, იაკობ ელემან-იენსენთან გამართულ შეხვედრაზე. დანიის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავას ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და განაცხადა, რომ დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
ნიდერლანდების სენატის წევრმა, იოოპ ატსმამ საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATOPA) სესიას, რომელიც 26-29 მაისს თბილისში გაიმართება. სოფიო ქაცარავამ ნიდერლანდების სენატის წევრს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის ეკონომიკური გარემო გააცნო. შეხვედრაზე „აბრეშუმის გზის” პროექტზეც ისაუბრეს. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შესაძლოა, საქართველო რეგიონული ჰაბი გახდეს. იოოპ ატსმას განცხადებით, ნიდერლანდები საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობით და ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები