ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტყიბულში სარეაბილიტაციო ობიექტები მოინახულა

თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, ტყიბულში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს უმასპინძლა. ტყიბულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ამავე სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე.
სამთავრობო დელეგაციამ ტყიბულის მასშტაბით სარეაბილიტაციო ობიექტები მოინახულა. ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის სტადიონის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, მუნიციპალიტეტის თეატრისა და სასტუმროს შენობის დათვალიერების შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებმა ის ტერიტორიაც მოინახულეს, სადაც უახლოეს პერიოდში ჩირის ქარხნის მშენებლობა დაიწყება.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ტყიბულის ტურისტული პოტენციალით, კერძოდ, ცხრაჯვარით, ცუცხვათის მღვიმით, ახალსოფლის ტბის ტერიტორიებით დაინტერესდა. ზურაბ ალავიძის თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ტყიბულში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, კერძო ინვესტიციის მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას დაეხმარება.
მინისტრის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში, შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც აქტიურად დაიწყებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები