ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გრძელდება.
კონფერენციის მეოთხე დღეს, დელეგატებმა ეროვნულ უსაფრთხოებასა და სამოქალაქო თავისუფლებებს შორის ბალანსის დაცვის საკითხებზე და ამ კონტექსტში პარლამენტარების როლზე იმსჯელეს. ექსტრემიზმთან ბრძოლის საკითხების განხილვისას ყურადღება, ასევე პარლამენტარების როლზე გამახვილდა.
დელეგატებმა, ერთ-ერთ სესიაზე, კონფლიქტების დარეგულირებაში და პოტენციური რისკების შემცირებაში საზოგადოების ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სოციალური თანასწორობის როლზე, სამხედრო და სამოქალაქო სექტორში ქალბატონების აქტიურ ჩართულობაზე და ქალების როლზე კონფლიქტების გადაწყვეტაში.
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების ეფექტურობა და მისი გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ასევე, ეროვნული პარლამეტების როლი საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გარღმავებაში.
ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში 37 ქვეყნის 90 პარლამენტარი იღებს მონაწილეობას.
ღონისძიება ორგანიზებულია ბრიტანეთის საპარლამენტო ასოციაციის მიერ. კონფერენცია ნაწილია მთელი რიგი ძირითადი საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებების სერიისა, რომლებიც ყოველწლიურად იმართება.