ალი ბაბაევი: ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო კომისიას, რომ სავალდებულო გახდეს პარლამენტარისთვის ქართული ენის ცოდნა

“​სააკაშვილი წლების მანძილზე თავისი სურვილისთვის იყენებდა კონსტიტუციას, დრო მოვიდა, ეს შეიცვალოს”,-ამის შესახებ „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა კონგრესის” თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა.
ბაბაევი მიიჩნევს, რომ პარლამენტში უნდა იჯდეს ისეთი აზერბაიჯანელი, რომელსაც ქართული ენა გამართულად ეცოდინება. ალი ბაბაევის სურვილია, პარლამენტში აზერბაიჯანელს მხოლოდ ფორმალური ადგილი არ ეკავოს და ქმედითი როლი შეასრულოს საქართველოს განვითარების საქმეში. ალი ბაბაევი საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს წინადადებით, რომ კონსტიტუციაში ქართული ენის სავალდებულო ცოდნა ჩაიწეროს.
„მე მინდა საბჭოეთიდან წამოსული ტენდენცია დაირღვეს. იყო დრო, როცა სააკაშვილი თავის ნებაზე იყენებდა კონსტიტუციას, ბევრი აზერბაიჯანელი საქართველოში საჯარო სამსახურში მუშაობდა და ქართული ენა არ იცოდნენ, ეს არის ელემენტარული პატივისცემა იმ ერის მიმართ, სადაც ცხოვრობ, ათეულობით აზერბაიჯანელი დეპუტატიდან მხოლოდ სამმა იცოდა ქართული, ეს სამარცხვინოა. ჩვენ უახლოეს მომავალში შევიკრიბებით და მივმართავთ პარლამენტს, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა იჯდეს ის ადამიანი, რომელმაც პირველ რიგში, ქართული ენა უნდა იცოდეს. მითხარით სხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც პარლამენტარმა არ იცის იმ ქვეყნის ენა, სადაც მოღვაწეობს. გვინდა აზერბაიჯანელების ხმაც გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ “,-განაცხადა ალი ბაბაევმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
​ალი ბაბაევი მიიჩნევს, რომ ორ ერს შორის ურთიერთობის გაძლიერებისთვის აუცილებელია ერთმანეთის ენისა და კულტურის პატივისცემა. დღესვე, ალი ბაბაევმა მოსახლეობას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და საყოველთაო რეფერენდუმის გამოცხადების დღე მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები