ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარებიდან 26 წლისთავს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარებიდან 26 წლისთავი მიულოცა.

“ზუსტად 26 წლის წინ საქართველოს მოსახლეობამ უპასუხა კითხვას, რომელმაც ქართული სახელმწიფოს ხელახალ დაბადებას ჩაუყარა საფუძველი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?” 1991 წლის 31 მარტს, საყოველთაო სახალხო რეფერენდუმზე დასმული ამ შეკითხვის პასუხად, საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის 98 %-მა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 26 წლის წინ, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ მიუხედავად ყველანაირი წინაღობისა და უამრავი განსაცდელისა, არ დათმობს დამოუკიდებლობას და არ დაუშვებს საკუთარი სახელმწიფოებრიობის შებღალვას.

ეს თარიღი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ 26 წლის წინ, რეფერენდუმზე მისულმა მოსახლეობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძველი შექმნა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მტკიცე ნებაა.

საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარების ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა მიიღო. ზვიად გამსახურდია დღეს 78 წლის გახდებოდა.
ჩემო თანამოქალაქენო, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ყველანაირი დაბრკოლებისა და სირთულისა, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა ისევ იქნება მთლიანი და გააგრძელებს სვლას განვითარებისა და კეთილდღეობისკენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები