აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა

​აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ( ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია აშშ-ის კონგრესში) თანათავმჯდომარეების – სენატორ როჯერ უიკერისა და სენატორ ბენ კარდინის თაოსნობით, აშშ-ის სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროს ინფორმაციით, სენატის რეზოლუცია N106, გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
„სენატის რეზოლუცია N106, გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. რუსეთის მთავრობა დიდი ხანია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დროა, აშშ-ის სენატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების მიწების მიტაცებას და რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დადგენილი პირობების გატარება უნდა უზრუნველყოს”, – განაცხადა სენატორმა უიკერმა.
რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა უხეშად არღვევს ჰელსინკის საბოლოო აქტის მთავარ პრინციპს და რომ საქართველო ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ძლიერი პარტნიორია. ამის მაგალითად, დოკუმენტის ტექსტში ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაა მოყვანილი და აღნიშნულია, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი მოვლენა კონსტრუქციული ურთიერთობების დასტურია“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები