ლევან იზორია უკრაინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. მისი ვიზიტი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს უკრაინელმა კოლეგამ, არმიის გენერალმა, სტეპან პოლტორაკმა უმასპინძლა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
ოფიციალური ინფორმაციით, ლევან იზორიამ კოლეგას თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, შეშფოთება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და წესრიგი კვლავ დამყარდება.
საქართველოს სახელით, ლევან იზორიამ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
ლევან იზორიამ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული გეგმებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე რეფორმირების პროცესი ნატოს სტანდარტების შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო სამხედრო სწავლებებში საქართველოსა და უკრაინის ერთობლივ მონაწილეობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მზაობა, ჩაერთონ 2017 წელს საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში, დადებითად შეაფასა. საუბრის ბოლოს, ლევან იზორიამ უკრაინელი კოლეგა საქართველოში დაგეგმილ ყოველწლიურ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ მიიწვია. თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გაგრძელდა.
ადგილობრივ მედიასთან დაგეგმილ ბრიფინგამდე, ლევან იზორიამ და არმიის გენერალმა სტეფან პოლტორაკმა ხელი ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ერთობლივი განცხადების დოკუმენტს მოაწერეს. ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში ვიცე-პრემიერთან, ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან გამართა შეხვედრა.
ვიზიტის მეორე დღეს კი ქართული დელეგაცია თავდაცვის უწყებაში უკრაინის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მსმენელთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. მოგვიანებით, ქართული დელეგაცია უკრაინის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტსაც ესტუმრება და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობა.
ვიზიტის დასასრულს, თავდაცვის მინისტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები