ლევან დავითაშვილმა დედოფლისწყაროში ნუშის ბაღი დაათვალიერა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში კიდევ ერთი ახალი ბაღი გაშენდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ 16 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა.
ადგილობრივი გურამ გონაშვილი პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2016 წელს ჩაერთო და 16 ჰექტარზე ნუშის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 48,880 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 29,400 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 19,480 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში სულ 1 005.13 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 4 212 696.22 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით, შეადგენს 3 017.57 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 14,5 მილიონ ლარს აღემატება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები