ბელორუსიის იუსტიციის სამინისტრო ქართულ სააღსრულებო სისტემას გაეცნო

ბელორუსიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა და ქართულ სააღსრულებო სისტემასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო.
ბელორუსიის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანდრეი ავდეევი და ბელორუსიის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამმართველოს წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას. მათ შორის, სააღსრულებო წარმოების ეტაპებს, ბიუროს მიდგომას მოვალეების მიმართ, მორიგების პოლიტიკასა და შედეგებს.
ვიზიტის მიზანი საქართველოს სააღსრულებო სისტემის მუშაობის უკეთ გაცნობა და აღსრულების მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, მათ შორის, აღსრულებაში IT გადაწყვეტებისა და კერძო აღმასრულებლის მუშაობის შესახებ.
სტუმრების ინტერესის სფეროში მოხვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული აუქციონი და არასააღსრულებო სერვისები: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, შეფასება, გადახდისუუნარობა.
ბელორუსიის დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. ალექსანდრე ბარამიძემ ანდრეი ავდეევს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღსრულების სფეროს მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად განახორციელა. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის ორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტს და სხვ.
ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსიის დელეგაცია ეწვია იუსტიციის სახლსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სტუმრების დაინტერესება იუსტიციის სახლის ელექტრონულმა სერვისებმა და საჯარო რეესტრის პროგრამებმა გამოიწვია, რომლითაც სააღსრულებო პროცედურები ხორციელდება.
ვიზიტის დასასრულს, ბელორუსიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ მცხეთა და სიღნაღი დაათვალიერა.
საქართველოს აღსრულების სისტემით ბელორუსია 2016 წლის მაისში დაინტერესდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსიის იუსტიციის მინისტრს აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც უმასპინძლა და უწყების მუშაობის თავისებურებები გააცნო. ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით ბელორუსმა კოლეგებმა ქართველი აღმასრულებლები მინსკში მიიწვიეს. გაიმართა სამუშაო შეხვედრები ბელორუსიის იუსტიციის სამინისტროსა და სააღსრულებო ინსტიტუტების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.
ბელორუსიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 28 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები