თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს, გამოფენას მართავს, სადაც, წარმოდგენილია ის ვიზუალური მასალა, მათ შორის რუკები და კონცეფციის მაკეტები, რაც დამთვალიერებელს შეუქმნის შთაბეჭდილებას გენგეგმის ჯგუფის მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე და ამ ხნის განმავლობაში გაწეულ სამუშაოზე.
​გამოფენა დღეს, 11:00 საათზე გაიხსნა. დამთვალიერებელს მთელი დღის განმავლობაში ექნება საშუალება, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები.
როგორც “სითი კვირას” გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის, “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, გამოფენის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სპეციალისტი და დაინტერესებული რიგითი მოქალაქე გაეცნოს, თუ რა მიმართულებით იმუშავა დედაქალაქის გენგეგმის ჯგუფმა.
​მისივე თქმით, კონცეფცია არის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპი გენერალური გეგმის მომზადების პროცესში და სწორედ ამ კონცეფციაზე აშენდება ძირითადი პროექტი, რომელზედაც გენგეგმის ჯგუფი ამჟამად, ინტენსიურად მუშაობს.
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მუშაობა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი და კარგი სატრანსპორტო კავშირები.
​მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზეა და საბოლოო პროექტის დამუშავება მიმდინარეობს. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში პროექტზე მუშაობა დასრულდება, რის შემდეგაც წარუდგნენ დამკვეთს, თბილისის მერიას და არქიტექტურის სამსახურს. ამის შემდეგ გაიმართება საჯარო განხილვები და საბოლოო სახით დოკუმენტს დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებს, რათა მან ნორმატიული სტატუსი შეიძინოს.
„გამოფენა ეძღვნება იმ კონცეფციას, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და მივაწოდეთ თბილისის მერიას. ეს არის მიწათსარგბელობის კონცეფცია, სადაც განხილულია სამი ძირითადი მიმართულება: კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი და კარგი კავშირების მქონე ქალაქი. გამოფენაზე წარმოდგენილია ის ვიზუალური მასალა, რომელიც საფუძვლად დაედო იმას, რომ მივსულიყავით სწორედ ამ ძირითად მიმართულებებამდე და განგვესაზღვრა, რა არის საჭირო ქალაქისათვის“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები