რას სთავაზობს მსურველებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამასთან ერთად, სადოქტორო პროგრამის გავლაც იქნება შესაძლებელი.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებზე, სადოქტორო პროგრამის მიზანსა და არსზე, ასევე, სხვა დეტალებზე „კვირას“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარიანა გედევანიშვილი ესაუბრა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის კონცეფციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი მიეცემა თუ არა უნივერსიტეტს აღნიშნული პროგრამის განხორციელების უფლება. მარიანა გედევანიშვილი იმედოვნებს, რომ დასკვნა დადებითი იქნება.
ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს ორი სადოქტორო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის. აღნიშნული პროგრამების წარჩინებული კურსდამთავრებულები როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ასევე, სხვადასხვა კომპანიებში უკვე დასაქმდნენ. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ იგივე მიდგომა განხორციელდება წარჩინებულ დოქტორანტებთან მიმართებაშიც.
„ჩვენმა უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სადოქტორო პროგრამა მოემზადებინა, რათა პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე შექმნილიყო სწავლების სამივე საფეხური. სადოქტორო პროგრამის მიზანია, მოვამზადოთ კვალიფიციური კადრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ პოლიტიკას ეფექტურად განსაზღვრავენ . რაც შეეხება მიღების წინაპირობებს, არ არის აუცილებელი, რომ მსურველს, რომელსაც უნდა, გაიაროს აღნიშნული პროგრამა, ამავე სპეციალობის სამაგისტრო კურსი ჰქონდეს გავლილი. ნებისმიერი სპეციალობის მქონე ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და ჩააბაროს ამ პროგრამაზე. რაც შეეხება სხვა წინაპირობებს, მან აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი მინი კვლევის სახით, იმასთან დაკავშირებით, თუ რა იცის დღევანდელი პოლიტიკის შესახებ, როგორია მისი ხედვა და ინოვაციური აზროვნება. პროგრამაზე ჩაბარების მსურველს ინგლისური ენის ცოდნა მოეთხოვება B2 დონეზე, თუ ვერ წარმოადგენს სერტიფიკატს, ჩვენ შეგვიძლია აქვე, ენების ცენტრში ჩავაბარებინოთ მისაღები გამოცდა უცხო ენაში.
გავითვალისწინეთ ისიც , რომ შესაძლოა, პროგრამაზე ჩაირიცხონ ისეთი მსურველები, რომლებსაც არ აქვთ საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება ან საერთაშორისო ურთიერთობებში ან პოლიტიკის მეცნიერებებში ან უსაფრთხოებაში და აქედან გამომდინარე, სავალდებულო სასწავლო კურსად ჩავსვით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საგანი – თანამედროვე პოლიტიკის აქტუალური პრობლემები, მათი კვლევა და ანალიზი.
პირველივე სემესტრში სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ, ოთხიდან ერთი მიმართულება: უსაფრთხოებისა ან კონფლიქტების მოგვარების ან პოსტსაბჭოთა კვლევების ან შედარებითი პოლიტიკის კურსი აირჩიონ, რის შემდეგაც განახორციელონ კვლევა, სადისერტაციო ნაშრომის თემიდან გამომდინარე. პროგრამა წარდგენილია აკრედიტაციაზე, გვყავს ბევრი დამსაქმებელი ორგანიზაცია, სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აქვთ. წარჩინებული სტუდენტები დასაქმდებიან იქ მათივე სურვილით.
ამჟამად მოქმედებს ორი სადოქტორო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და ეს იქნება მესამე. უნივერსიტეტისთვის ამ პროგრამას აქვს ორმაგი დანიშნულება პირველი ის, რომ ჩვენი კურსდამთავრებული ახალ სიტყვას იტყვის კონკრეტულ დარგში და მეორე, იქიდან გამომდინარე, რომ დეფიციტია სამართლის დოქტორების და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორებისა, ვფიქრობთ, რომ ამ სადოქტორო პროგრამის წარჩინებულ კურსდამთავრებულს ჩვენვე დავასაქმებთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ლექციების წასაკითხად. ამით ჩვენ შევქმნით საკუთარ პროფესორთა კადრებს, ანუ აკადემიურ პერსონალს, რომლებიც მოემსახურებიან უფრო დაბალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის განხორციელებას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო კანცლერმა პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით, დამფუძნებლებთან ერთად“,-განაცხადა მარიანა გედევანიშვილმა.
მისვე თქმით, უნივერსიტეტის კანცლერი ყველა იმ დოქტორანტს დააფინანსებს, საზღვარგარეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში კვლევის ჩასატარებლად, რომლებსაც ექნებათ ხელმძღვანელის არგუმენტირებული რეკომენდაცია.
„უნივერსიტეტი ასევე, ხელს უწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას, დღეს ჩვენი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 22 კურსდამთავრებულია უნივერსიტეტში დასაქმებული, შესაბამისად, დოქტორანტების დასაქმებაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამის მაგალითია ჩვენი ბიზნესისფაკულტეტის ახალი დეკანი, რომელმაც წარმატებით დაამთავრა ბიზნესის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა, დაიცვა დისერტაცია და სამთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, დავნიშნეთ დეკანად და მივეცით მენეჯმენტის საფუძვლების წაკითხვის უფლება.
დღეს და გუშინ ექსპერტები ბრძანდებოდნენ სტუმრად ჩვენთან, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის შესამოწმებლად, ისინი დაგვიწერენ დასკვნას, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭო განიხილავს. შემდგომ მივიღებთ თანხმობას მათგან, განვახორციელებთ პროგრამას თუ ვერა. ვფიქრობ, პროგნოზის მიხედვით, ყველაფერი წესრიგში იქნება“,- განუცხადა „კვირას“მარიანა გედევანიშვილმა.