თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები დაინიშნა

თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების განხორციელებით ადგილობრივი მცხოვრებლები კმაყოფილები არიან და გაწეული დახმარებისათვის მთავრობას მადლობას უხდიან.
მესაზღვრე ზურაბ მოურავიძის თქმით, აღნიშნული რეისების დანიშვნა ადგილობრივებისათვის დიდი შეღავათი და მხარდაჭერა იქნება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია დღემდე მაქსიმალურად ეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას. 10 დღის წინ, ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც დახმარება აღუთქვა ადგილობრივ მოსახლეობას. დღეს შესრულდა პირველი რეისი მოსახლეობისთვის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კვირაში ერთხელ იქნება. ეს არის დიდი დახმარება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, დიდი მხარდაჭერა”, – განაცხადა მესაზღვრემ.
ადგილობრივი მცხოვრების, ნაზი თათარაიძის შეფასებით, ვერტმფრენის მიერ ყოველკვირეულად რეისების განხორციელება, ჯანმრთელობის კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.
“მთაში წამოსვლას რომ ვაპირებდი, უკვე სანერვიულო თემა გაგვიჩნდა, რითი უნდა მოვსულიყავით და ჩვენდა საყისმათოდ, პრემიერ-მინისტრმა დაგვინიშნა რეისები, რისიც დიდად მადლობლები ვართ. უმტკივნეულოდ, უნერვიულოდ მოგვიყვანა ჩვენ-ჩვენს კუთხეში. მანქანის გზის გამოსვლამდე ავად გახდება ვინმე – თვითმფრინავის იმედი გვექნება, კარგად იქნება – მაინც გვექნება, გზის გამოსვლამდე რამხელა სანერვიულო ის იყო და ახლა, სულ ყველანაირად პრობლემამოხსნილები, დამშვიდებულები და დაწყნარებულები ვართ”, – აღნიშნა თათარაიძემ.
თუშეთის მკვიდრ ელდარ ბუქაიძის თქმით კი, ვერტმფრენი დასახლებულ პუნქტებს შორის მიმოსვლას გაადვილებს.
“მე მაქვს სასტუმრო შენაქოში. ვარ ზამთარ–ზაფხულ აქ, ვცხოვრობ მუდმივად. რამდენიმე თვის წინ მომიხდა წასვლა ჯანმრთელობის გამო კახეთში, ვიმკურნალე, მინდოდა მალევე წამოსვლა, მაგრამ ვერ წამოვედი და ახლა რომ გავიგე, მთავრობამ დანიშნა რეისიო, ჩავეწერე მაშინვე და აი, გადმოვფრინდი, აქ ვარ ახლა. დიდი მადლობა ყველას და მთავრობას და ყველას, ვინც ეს საქმე გაგვიკეთა და ვინც დანიშნა ეს რეისები”, – განაცხადა ელდარ ბუქაიძემ.
შსს-ს ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების განხორციელება დაიწყო.
აღნიშნული დავალება, შსს-მ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო და დღეს, ვერტმფრენმა პირველი მგზავრები, 17 ადგილობრივი მოსახლე, სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში გადაიყვანა.
შსს-ს ვერტმფრენი თუშეთში, მაღალმთიან სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, იქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება.
ომალო თუშეთში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. რთული გეოგრაფიული პირობებისა და უგზოობის გამო, სოფელი ნახევარი წლის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები