დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ადვოკატი გიორგი ფანცულაია დეკანოზისთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს.
მისი განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და არგუმენტირებული, რადგან დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდებისას, ის არც ქვეყნიდან წავიდოდა და ვერც მოწმეებზე მოახდენდა ზეწოლას. თუმცა, მოსამართლემ ეს პოზიცია არ გაითვალისწინა.
ადვოკატების თქმით, მათ სასამართლომ ასევე, უარი უთხრა, დაცვის მხარეს გადასცემოდა აეროპორტიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც მათი ვარაუდით, ასახულია დეკანოზის ჩხრეკის კადრები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 28 მარტს გამართულ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესზე მიიღო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულის თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები. დეკანოზის ადვოკატები ბრალდებულის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მამა გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა ძალაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები