დღეიდან ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი ამოქმედდება

დღეიდან ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი ამოქმედდება. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ფარული მოსმენა-მიყურადების უფლებამოსილება ექნება.
​სააგენტოს ამოცანები იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგისა და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აგრეთვე, სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება.
3 თვის განმავლობაში, სააგენტოს უფროსიც დაინიშნება. განკარგულებას როგორც მის დანიშვნაზე, ასევე, გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გასცემს. დანიშვნამდე კი მის კანდიდატურას სპეციალური კომისია შეარჩევს. თავის მხრივ, კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სუს-ის ხელმძღვანელი შეარჩევს. სააგენტოს ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც გაუწევს.
ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 20 მარტს ვეტო დაადო. საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო 22 მარტს დაძლია და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ხელი 27 მარტს მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები