ბათუმის მოვლენებისას დაკავებული არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული მამუკა ბერიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ამის მიზეზი, საქმეში არსაკმარისი მტკიცებულებები დასახელდა.
დღევანდელ პროცესზე, მოსამართლემ, რომელიც მამუკა ბერიძის საქმეს იხილავდა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ბრალდების მხარე მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
დაცვის მხარის მოწმის განმარტებით, ის აქციის ღამეს მამუკა ბერიძესთან ერთად, ღამის კლუბში იმყოფებოდა, ქუჩაში გვიან ღამით გამოვიდა და საპატრულო პოლიციამ როგორც აქციის მონაწილე, ისე დააკავა.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11-12 მარტის ღამეს ბათუმში 75 პირი დააკავეს, უმრავლესობას ჯარიმა შეეფარდა.
ფაქტზე სისხლის სამართლის 2 მუხლითაც მიმდინარეობს გამოძიება. მასობრივი არეულობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 18 პირია პატიმრობაში, ერთი არასრულწლოვანს კი სასამართლომ გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები