ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოზე მოწმე იკითხება- „შე არაადამიანო, როგორ შეეხე ჩემს მარიამს შენი ბინძური ხელებით“

„შე არაადამიანო, როგორ შეეხე ჩემს მარიამს, როგორ შეეხე შენი ბინძური ხელებით“, – ამ სიტყვებით მიმართა ოთარ მამფორიამ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს, რომელმაც ფონიჭალაში მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ფონიჭალაში მოკლული დედისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მოკლულის მეუღლე დაიკითხა.
საქმეზე გიორგი ხაბელაშვილია ბრალდებული, რომელიც, როგორც მოწმის ჩვენებით ირკვევა, მათ ოჯახთან ახლობლობდა.
მოკლულის მეუღლემ, ოთარ მამფორიამ განაცხადა, რომ გიორგი ხაბელაშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მას და მის ძმას ურთიერთობა დაეძაბათ, რადგან ის აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.
პროკურორის კითხვაზე, იცოდა თუ არა ხაბელაშვილმა, რომ მამფორია ოჯახში თანხას ინახავდა, რომელსაც ბინის შესაძენად აგროვებდა, მოწმემ განაცხადა, რომ ხაბელაშვილმაც და მისმა ახლობლებმაც იცოდნენ ამის შესახებ.
„კაპიკს კაპიკზე ვაგროვებდი, ბინის ყიდვა მინდოდა. ამის შესახებ იცოდნენ ჩემმა ძმამ, ჩემმა რძალმა, ცოლის ძმებმაც, მათ შორის იცოდა გიორგი ხაბელაშვილმაც. გიორგი ხაბელაშვილს უთქვამს ზაზა ლურსმანაშვილისთვის, რომ თუ ქალმა მიცნოო, ეს ქალი უნდა მოვკლაო. თავიდან მიდიოდნენ ეს ორნი – ზაზა ლურსმანაშვილი და გიორგი ხაბელაშვილი, ეს რომ გაუგია ზაზა ლურსმანაშვილს, უთქვამს, მე არ წამოვალო. შე არაადამიანო, როგორ შეეხე ჩემს მარიამს, როგორ შეეხე შენი ბინძური ხელებით“, – განაცხადა მოწმე ოთარ მამფორიამ.
რაც შეეხება გასული წლის თებერვალში მკვლელობის დღეს, მოწმემ განაცხადა, რომ მას ახლობლებმა დაურეკეს, რომ სახლი იწვოდა. მოკლულის მეუღლემ დღევანდელ პროცესზე დაკითხვის შეწყვეტა მოითხოვა, რადგან ის მისი 3 წლის შვილზე საუბრისას შეუძლოდ გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები