სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების და რელიეფური ელექტრონული მონაცემების მოწოდების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების და რელიეფური ელექტრონული მონაცემების მიღების, შეთანხმების, მომხმარებლებამდე (ავიაკომპანიები) მიწოდებისა და აღნიშნული პროცესის ზედამხედველობის საკითხებზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 2-დღიანი ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს, „საქაერონავიგაციის”, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ურბან საქართველოს”, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა მოისმინეს EUROCONTROL-ის ექსპერტის, ალექს პეტროვსკის სემინარი ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებზე.
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის ექსპერტის მიერ დეტალურად იქნა განხილული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 73/2010 რეგულაცია. მხარეებმა იმსჯელეს რელიეფისა და დაბრკოლებების ელექტრონული მონაცემების დანერგვის გეგმის შემუშავებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2017 წელს დაამტკიცებს. აღნიშნული გეგმა გულისხმობს ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის არასაავიაციო და საავიაციო უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმის შექმნას – სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე შენობა-ნაგებობების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, მონაცემების წინასწარი შეფასებისა და ექსპერტული დასკვნის მომზადება/მიწოდების გზით.
საავიაციო დაბრკოლებას წარმოადგენს ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობა, ანძა, ან მსგავსი ტიპის ობიექტი, რომელმაც თავისი ადგილმდებარეობისა და სიმაღლის მიხედვით შეიძლება, ზეგავლენა მოახდინოს ფრენების უსაფრთხოებაზე. დაბრკოლებების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში ან NOTAM-ის (“შეტყობინება მფრინავთათვის”) სახით და ხელმისაწვდომია საჰაერო სივრცის ყველა მომხმარებელისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები