საქალაქო სასამართლოში ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

დღეს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ფონიჭალაში მომხდარი, დედა-შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის; მასვე ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, მივიდა თავისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით, ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს, ღირებულს 5000 ლარად, ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით, ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ შესავალი სიტყვების წარმოდგენის შემდეგ, დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა და დაიკითხა ბრალდების ორი მოწმე.
აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სხდომა 2017 წლის 28 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები