ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ლონდონში, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობენ

ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლეში ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მუშაობაში, ვესმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით, მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
კონფერენციის პირველ დღეს, ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ 21-ე საუკუნეში ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაში, საკანონმდებლო მოწესრიგების კუთხით პარლამენტარების როლზე ეროვნული ინტერესების დაცვაში და სხვა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გლობალურ კონტექსტში განხილვის დროს, კონფერენციის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ იმ საფრთხეებზეც, რომლებიც მომდინარეობს ბირთვული იარაღის გავრცელებისგან, ტერორიზმისგან, კიბერშეტევებისგან, ადამიანებისა და ნარკოტიკების ტრეფიკინგისგან. განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება არსებული და მომავალი საფრთხეების შემცირების გზების განსაზღვრა.
დიდი ბრიტანეთის მაგალითების საფუძველზე, კონფერენციაზე განხილული იქნება ბრიტანეთის ეროვნული უშიშროების მმართველი აპარატის სამოქმედო ფუნქციები, სტრატეგიიდან იმპლემენტაციის ჩათვლით. ღონისძიების მონაწილეები, ასევე, შეისწავლიან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის როლს, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის, თავდაცვისა და დაზვერვის საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით.
სესიების დასრულების შემდეგ, გაიმართება დებატები, რომლის თემა იქნება – შეიძლება თუ არა პარლამენტებს ჰქონდეთ ომის წარმოების უფლებამოსილება. განხილული იქნება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მაგალითები.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ჯონ ბერკოუს სახელით გამართულ მიღებას დაესწრებიან.
ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 90-ზე მეტი პარლამენტარი იღებს მონაწილეობას, მუშაობას 31 მარტს დაასრულებს.
ღონისძიება ორგანიზებულია ბრიტანეთის საპარლამენტო ასოციაციის მიერ. კონფერენცია ნაწილია მთელი რიგი ძირითადი საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებების სერიისა, რომლებიც ყოველწლიურად იმართება.
ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დაგეგმილია ეკა ბესელიას და ირაკლი სესიაშვილის შეხვედრა ბრიტანეთში მყოფ ქართველ სტუდენტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები