ამერიკელმა სენატორებმა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს

ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სენატორ ჯონ მაკკეინთან და სენატორ რონ ჯონსონთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხო. მინისტრმა სენატორებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მიმდინარე წლის დასაწყისში სენატორ მაკკეინის და სენატორთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გამო, მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა.
მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებებზე აშშ-ს ადმინისტრაციასთან ორმხრივი ურთიერთობა და ბოლო პერიოდში პოლიტიკურ წრეებთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა პოზიტიურად შეაფასეს.
მხარეებმა ყურადღება საქართველოს განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გაამახვილეს. ამერიკელი სენატორები საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას მიესალმნენ, რომელშიც ასევე, კონგრესმენთა დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
სენატორი მაკკეინი ასევე, მიესალმა საქართველოს წარმატებას ევროპულ გზაზე, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რამაც ევროკავშირი ქვეყნის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახადა. სენატორები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს განვითარებითა და მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გამახვილდა. კიდევ ერთხელ შეშფოთება გამოითქვა რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელიც საქართველოს რეგიონების ანექსიას ისახავს მიზნად.
სენატორებმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. მათ გამოთქვეს მზადყოფნა – ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებას მომავალშიც შეუწყონ ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები