მაქს ჰასტინგზის თანახმად, თუ სატელეფონო მოსმენების განხორციელების საჭიროება არსებობს, ამას არ უნდა შევეწინააღმდეგოთ – ჩვენ უნდა დავეხმაროთ უსაფრთხოების სამსახურებს ტერორისტებთან ბრძოლაში

ამგვარ თავდასხმას უკვე წლების მანძილზე ველოდით, თუმცა შოკი მაინც დიდია. ტერორიზმის მაცნე – ბრიტანული დემოკრატიის ცენტრში განხორციელებული თავდასხმის ავტორია. მან უმარტივესი, თუმცა სასიკვდილო იარაღები გამოიყენა – დანა და მანქანა. ავტომობილები ევროპაში მოქმედი ტერორისტების საყვარელ იარაღად იქცა. უსაფრთხოების სამსახურები ახერხებენ, შეზღუდონ ცეცხლსასროლი იარაღებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ხელმისაწვდომობა.
მიუხედავად ამისა, არ არსებობს ეფექტური საშუალება, რომელიც მათ ცივ იარაღებსა და მანქანებზე წვდომას შეუზღუდავდა. პოლიციელის სიკვდილი შეგვახსენებს სახელმწიფო მოსამსახურეების წინაშე არსებულ რისკებს. აუცილებელია იმ სამართალდამცავთა მხარდაჭერა, რომლებმაც ნიუ პალას იარდში მკვლელის ლიკვიდირება მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებულმა თანამშრომლებმა იციან, თუ როგორ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები მაქსიმალურად ეფექტურად, არსებობს იმისი საფრთხე, რომ მათ მიერ განცდილი ტრავმა მხოლოდ ადამიანის მოკვლის შესახებ გადაწყვეტილების მეყსეულად მიღებით არ შემოიფარგლება. მათ მიერ საკუთარი მოვალეობის ასე სწრაფად შესრულებამ უნდა გაზარდოს საზოგადოების რწმენა თავდაცვის მექანიზმების ეფექტურობის მიმართ.
​მიუხედავად ამისა, ტერორისტის მსხვერპლები – ტროტუარზე ფეხით მოსიარულეები – არც პოლიციელები იყვნენ და არც პოლიტიკოსები, ისინი უდანაშაულო გამვლელები გახლდნენ. შემთხვევითი გამვლელების მკვლელობის განზრახვამ თითოეულ ჩვენგანში შოკი და შიში უნდა გამოიწვიოს. ამგვარი ტაქტიკა უკვე მრავალი წელია, რაც ევროპაში გამოიყენება.
​თუმცა ამგვარი თავდასხმები არსებული კონტექსტის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ – BBC-მ ახლახანს დაასრულა ლენ დაიტონის SS-GB-ს ჩვენება, რომელშიც ფანტაზიის სახითაა წარმოდგენილი, თუ რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში დიდი ბრიტანეთის დამარცხების შემთხვევაში, ფაშისტური ძალის სახელმწიფოს სათავეში მოსვლის შემდეგ. იმ პერიოდში ავისმომასწავებელ უნიფორმებში გამოწყობილი ქვეყნის მტრები ბოროტების წარმომადგენლებად მიიჩნეოდნენ. თუმცა თანამედროვე ტერორიზმთან ბრძოლის გამოწვევა ისაა, რომ მისი წარმომადგენლები ჩვენს საზოგადოებაში ასიმილირდნენ – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ვესტმინსტერის გზაზე მათი სხვა მოქალაქეებისაგან გარჩევა შეუძლებელია.
​შინაური მტრების წარმოდგენისას შიში გვიპყრობს. დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მიღწევა ხომ ნდობაა, ხოლო ტერორიზმი ამ ღირებულების დაზიანებას ისახავს მიზნად. გუშინდელ თავდასხმის განხორციელებამდე, არავის გამოუცხადებია ომი, საჰაერო რეიდიც არავის მოუწყვია – ჩვენ თავშესაფრის პოვნის დრო არ მოგვცემია. მოულოდნელად და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მკვლელობისაკენ მიდრეკილმა ინდივიდმა გამოიყენა საკუთარი მანქანა და დაარღვია მშვიდობიანი ყოველდღიურობა, გააჩინა ღრმული ჩვენს რწმენაში, იმასთან დაკავშირებით, რომ სამყარო არც თუ ისე ცუდი ადგილია.
​ბრიტანეთს საკმაოდ გაუმართლა – უკანასკნელი წლების მანძილზე, აქ არც ერთი თავდასხმა არ მომხდარა. თუმცა ეს სადაზვერვო სამსახურის პროფესიონალიზმის დამსახურება უფროა, ვიდრე უბრალო იღბალი.
MI5-ს, MI6-სა და GCHQ -ს თანამშრომლებს არასდროს დავიწყებიათ, რომ ადრე თუ გვიან, ბოროტმოქმედთა ნაწილი თავიანთი გეგმის განხორციელებას შეძლებდა. სწორედ ეს მოხდა გუშინ. 9/11-ის შემდეგ განხორციელებულ თითქმის ყოველ აქტში დამნაშავეებად სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნეოდნენ. თუ ამგვარი განწყობები თავდასხმის შემდეგაც წარმოიშობა, დიდ საზოგადოებრივ არეულობას უნდა ველოდეთ.
ვესტმინსტერის ირგვლივ ბარიკადების აღმართვის შემდეგ, საზოგადოების ნაწილი სევდით განიმსჭვალა – სწორედ იმ გრძნობით, რომელიც აეროპორტში დამატებითი შემოწმების გავლისას გვეუფლება. თუმცა როგორ ვმოქმედებთ მაშინ, როდესაც ასეთი მკვლელობები ხდება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ კედლები და ჩხრეკა ახალი მტრების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღია. კედლები ართულებს ტერორისტის მიერ პარლამენტის შენობაზე თავდასხმის განხორციელებას. აეროპორტში მოქმედი წესები კი ზღუდავს საჰაერო თავდასხმის შესაძლებლობას. კაბინაში ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებაზე დაწესებული ახალი შეზღუდვა კი გვახსენებს, რომ ტერორისტები გამუდმებით ეძებენ დანაშაულის ჩადენის ახალ საშუალებებს.

მუსლიმი თვითმკვლელებისაგან თავდაცვა საკმაოდ რთულია, მათ სურთ, ყველა შემხვედრი გაანადგურონ – სწორედ ეს განასხვავებს მათ IRA-სა და მარტინ გინესისგან. მთავარი გამოწვევა ბოროტებისაგან თავდაცვის ინტერესსა და არსებულ თავისუფლებების შენარჩუნებას შორის ბალანსის დაცვაა. ამ საუკუნის მანძილზე ხელისუფლებების უმრავლესობას ეს არ გამოსდიოდათ.
მთავრობამ MI5-ს, MI6-სა და უპირველესად, GCHQ-ს საკმაოდ დიდი დაფინანსება გამოიყო. თანამდებობის პირები მხარს უჭერენ ტერორისტთა აღმოჩენის უმნიშვნელოვანეს საშუალებას – ელექტრონული თვალთვალის მექანიზმებს, რომლებიც, წინდაუხედავი ლიბერტარიანელების აზრით, ზრდის პოლიციური სახელმწიფოს რისკს. ჩელტენჰემში GCHQ-ს სათავო ოფისის მონახულებისა და უზარმაზარი მიწისქვეშა სართულის დათვალიერების შემდეგ, აღმოვაჩინე ასობით 24 საათის მანძილზე მომუშავე კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც მილიონობით სატელეფონო საუბრისა და ინტერნეტკომუნიკაციის ფარგლებში გამჟღავნებული მონაცემების დამუშავება ხდება.
The Guardian-ის მსგავსი ლიბერტარიანელები ამგვარი შემოწმების მიმართ შეუწყნარებლები არიან, თუმცა მე დიდი ალბათობით, თქვენ მსგავსად, მირჩევნია, ჩემი სატელეფონო საუბრები ისმინებოდეს და ამ გზით გუშინდელი ტერორისტის მსგავსი ინდივიდების ამოცნობა იყოს შესაძლებელი. ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამდენად მოხვდა იგი უსაფრთხოების სამსახურის თვალთახედვაში ამ ტერაქტის განხორციელებამდე. უნდა ვაღიაროთ, რომ შეუძლებელია ტერორიზმით დაინტერესებული ყველა პირის იდენტიფიკაცია.
უკანასკნელი წლების მანძილზე MI5-მ შეაჩერა ათობით მეტნაკლებად სერიოზული ტერაქტის საშიშროება. გუშინდელი ტრაგედიის ფონზე, ჩვენ თავი იმით უნდა დავიმშვიდოთ, რომ მსხვერპლთა და მათ ოჯახთათვის უდიდესი ზიანის მიყენების მიუხედავად, ტერაქტმა ვერ შეძლო ჩვენი საზოგადოების განადგურება, ისე, როგორც ფაშისტურ გერმანიას ან ატომური იარაღით აღჭურვილ საბჭოთა კავშირს შეეძლო.
​მუსლიმური ექსტრემიზმი სწრაფად გავრცელებადი ვირუსია, რომელმაც დასავლეთში, ჩვენს ქვეყანასა და შუა აღმოსავლეთში ახალგაზრდა მამაკაცების საკმაო უმცირესობა დააავადა. სოციალურმა მედიამ საჭირო ტრიბუნა მისცა მათ, ვინც ტერორიზმის წაქეზებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. აუცილებელია მათ წინააღმდეგ ბრძოლა, მათი გეგმების ჩაშლა და ამ ომში ჩართულ პირთა მდგომარეობაში შესვლა და მხარდაჭერა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მტრები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ჩვენს დაშინებას, როცა დაგვარწმუნებენ, რომ მათ გაცილებით უფრო დიდი ძალა აქვთ, ვიდრე რეალურად გააჩნიათ. ამგვარი მკვლელები თანამედროვეობის წყევლაა. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ მომავალში, შეიძლება, გუშინდელზე ბევრად უფრო მასშტაბური თავდასხმებიც მოხდეს. ეს ჩვენი დროის ახალი ნორმაა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმის კონსერვაცია შესაძლებელია, არავის შეუძლია სრულად აღმოფხვრას ის.
​საუკეთესო თავდაცვა იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენი საზოგადოება მზადაა, დაუპირისპირდეს მათ საშინელ ქმედებებს. დემოკრატია და პარლამენტი ძალიან დიდი ხანია არსებობს და ზედმეტად ძლიერია საიმისოდ, რომ ამგვარმა ხალხმა ან მსხვერპლმა დააშინოს. ტერორისტების გარდაუვალი დამარცხების საუკეთესო სიმბოლოა ის გარემოება, რომ თემთა პალატამ საკითხი გუშინ სწრაფად გადაწყვიტა. ჩვენმა უმნიშვნელოვანესმა ინსტიტუტებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი ბოროტებას მამაცურად გაუმკლავდებიან, ჩვენ კი, გარდაცვლილთა გლოვასთან ერთად, ყოველდღიური საქმიანობა უნდა განვაგრძოთ.

http://www.dailymail.co.uk/debate/article-4340804/We-surveillance-writes-MAX-HASTINGS.html

We must back more surveillance, writes MAX HASTINGS

The UK government is right to back electronic surveillance as it is our first line of defence in detecting terrorist plots like the heinous attack in Westminster, writes MAX HASTINGS.

dailymail.co.uk

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები