გიორგი მარგველაშვილი: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ დრო დადგა საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა

„ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ დრო დადგა, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა კანონმდებლებს კანონპროექტზე მიღებული შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
„მოვისმინე განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. ბატონებო და ქალბატონებო, მე ვიცი, რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებულია მთლიანად ქართული საზოგადოება. ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, მანამ, სანამ კანონპროექტი იქმნებოდა, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან და ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. ვეტოს წერის პროცესშიც მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები, შესაბამისად, ვიცით და გვჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ იქნებ ახლა დადგა დრო, ჩვენ ყველამ დავიჯეროთ, რომ ვეტო დაძლევადია, თუმცა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ უკეთესი კანონები შევქმნათ. შესაძლებელია, დრო დადგა, ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს და შენიშვნებს. ამ ყველაფრის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო ცოტა ხნის წინ დაადო. შესაბამისად, ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1-ელ მარტს დაამტკიცა. რიგგარეშე სხდომაზე 17 კანონპროექტს ეყარა კენჭი. მთავარი პროექტი 87-ხმით, 2-წინააღმდეგი მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები