ეკა ბესელია: ვიცი, რომ პრეზიდენტი ვეტოს ისევ გამოიყენებს

”ვიცი, რომ პრეზიდენტი ვეტოს ისევ გამოიყენებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ვეტოს შესაძლო გამოყენების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ​როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვეტოს ასე ხშირად გამოყენებამ, პირადად მისთვის, ამ ვეტოს ფასი დაუკარგა.
”ვიცი, რომ პრეზიდენტი ვეტოს ისევ გამოიყენებს და ძალიან ვწუხვარ, რომ მაქსიმალურად იყო დრო გამოყენებული მისი მხრიდან და ბოლომდე არ მიიღო გადაწყვეტილება. სამწუხაროა, იმიტომ, რომ ვადები ძალიან შეზღუდულია. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ახალი კანონი 31 მარტამდე უნდა იყოს ამოქმედებული. ამ ვითარებიდან გამომდინარე, დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ვადებს, როდესაც წინაწარ იყო ცნობილი, რომ პრეზიდენტი არ აწერდა ამ ცვლილებებს ხელს, უმჯობესი იქნებოდა დროზე მოწოდებოდა ეს პარლამენტს. ამიტომ ჩვენ ახლა მოგვიწევს ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ამ კანონის მიღება აუცილებელია, ვინაიდან სასწორზე ერთი მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები დევს. ”ვეტოს ასე ხშირად გამოყენებამ პირადად ჩემთვის, საერთოდ დაუკარგა ამ ვეტოს ფასი. კანონის მიღება აუცილებელია, ვინაიდან სასწორზე დევს ქვეყნის უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, რომელთა შორის ვიპოვეთ ყველაზე საუკეთესო ბალანსი და გამოსავალი”, – განაცხადა ბესელიამ. რაც შეეხება პრეზიდენტის ერთ-ერთ შენიშვნას, რომ ამ კანონით ბიზნესი ზარალდება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ შენიშვნას არ იზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები