დაბა კაზრეთში თანამედროვე სტანდარტების „ეკო ჰაბი“ გაიხსნა

CENN – ის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, დაბა კაზრეთში, 15 მარტს ახალგაზრდული „ეკო ჰაბი“ გაიხსნა. წითელი ლენტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ გაჭრეს.
მოწვეული სტუმრებისთვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება მოაწყვეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიაჩნიათ, რომ „ეკო ჰაბის“ არსებობა ხელს შეუწყობს დაბის და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართვას გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში, სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაში.
ცენტრი აღჭურვილია ყველა აუცილებელი ინვენტარით, ინტერიერითა და გარემოსდაცვითი ბიბლიოთეკით. ამასთან, სკოლაში ცენტრის ბაზაზე შეიქმნება პედაგოგებითა და მაღლი კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ეკოკლუბი. სკოლის მოსწავლეები გახდებიან CENN-ის ელექტრონული ქსელის მომხმარებლები და ყოველდღიური ინფორმაცია ექნებათ რეგიონში გარემოსდაცვითი კუთხით მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
„ეკო ჰაბი“ რიგით მეორე ცენტრია, რომელსაც CENN რეგიონული პროექტის – „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში,“ ფარგლებში გაკეთდა. პროექტი განხორციელდა გერმანული ფონდის, Bread for the World-ის ფინანსური მხარდაჭერით. საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოების ჩატარება კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ უზრუნველყო.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საინტერესო სივრცე გაჩნდა, რომელიც საშუალებას იძლევა, ახალგაზრდებმა აიმაღლონ ცნობიერება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის გარემოს დაცვა. ასევე, სკოლის მოსწავლეებს ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრის პროცესში. მინდა მადლობა გადავუხადო დონორ ორგანიზაციას ამ იდეისთვის, ჩვენ ყოველ ასეთ საინტერესო ინიციატივას მხარს მომავალშიც სიამოვნებით დავუჭერთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები