ქართველმა სამხედროებმა ქარა ბაღის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ქვედანაყოფმა ქარა ბაღის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა. 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქარა ბაღის რაიონის უხუცესებთან – მალიკებთან შეხვედრა გამართა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მალიკებთან შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პროექტებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჩაატარეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფი ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების ამოცანებს, ასევე, დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლს ახორციელებს.