გიორგი გახარია: 360-გრადუსიანი ხედის მქონე მრავალფუნქციური ნაგებობა გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი

 “360-გრადუსიანი ხედის მქონე, მრავალფუნქციური დანიშნულების ლოკაცია გუდაურს საშუალებას მისცემს, გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი”, – ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე, 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი უნდა აშენდეს. გიორგი კვირიკაშვილმა მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა.
„ეს იდეა დაიბადა მთავრობის სხდომაზე დისკუსიის დროს, სადაც განვიხილავდით ჩვენ მიერ გამოტანილ პროექტებს გუდაურისა და რაჭის რეგიონის დეტალური განაშენიანების გეგმის შესახებ. იდეა მართლაც ძალიან კარგია, გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი. 360-გრადუსიანი ხედის მქონე ლოკაცია, რომელიც მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობა იქნება, გუდაურს მისცემს საშუალებას, გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი“, – აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს რესურსს ტურიზმის განვითარებაში და პრემიერის ინიცირებული პროექტი გუდაურის განვითარებას კიდევ უფრო დაეხმარება.
„გუდაურში, ერთ-ერთ ზონაში, სადაც საბაგიროების თავმოყრის ყველაზე დიდი კვანძია, გვაქვს ამ პროექტის განხორციელების ერთი ოფცია. პრემიერმა დაგვავალა, რომ განვიხილოთ კიდევ რამდენიმე ოფცია, ცოტა უფრო მაღლა. აქედან გამომდინარე, გუდაურის განაშენიანების დეტალური გეგმის შედგენის დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ლოკაციაში მსგავსი დანიშნულების წერტილი გაჩნდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები