კახა კალაძე: ყველა უმკაცრესად დაისჯება, ვინც კანონის ფარგლებში არ იმოქმედებს

პოლიცია არის განახლების პროცესში და ეს არის იდეური განახლება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “იმედის დროსთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, ხელისუფლება ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება.
“მინდა, პოლიციას მადლობა გადავუხადო. პოლიცია არის განახლების პროცესში და ეს არის იდეური განახლება. პოლიცია არ არის პოლიტიზირებული. ის არ ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს. პოლიცია იცავს კანონს და ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მათ უფლებებს,” – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველა უმკაცრესად დაისჯება, ვინც კანონის ფარგლებში არ იმოქმედებს და მას დაარღვევს.
“ჩვენ ხელისუფლებაში არ მოვსულვართ იმისთვის, რომ რაიმე გვესწავლა. ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. გუშინ პოლიციის ქმედება იყო აბსოლუტურად ზომიერი, მნიშვნელოვანი იყო მათი ქმედებები ზუსტად იმ დროს, როდესაც ამის საჭიროება და აუცილებლობა იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ვერავინ გაბედავს, ქვეყანაში არეულობის მოწყობას. კარგად გვახსოვს 90-იანების მძიმე წლები, რა გამოიარა ქვეყანამ, რას ნიშნავს ურთიერთდაპირისპირება და სისხლის ღვრა. ეს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია საზოგადოებას. არავის მივცემთ იმის უფლებას და იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, ხელისუფლების გადატრიალება და დამხობა მოაწყოს. არსებობს თანამედროვე გზა – არჩევნები და არჩევნების გზით, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს მონაწილეობა, წარმოუდგინოს თავიანთი ხედვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მოსახლეობამ არჩევნების გზით, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მიიღოს გადაწყვეტილება ვინ იყოს ხელისუფლებაში, და არა გადატრიალებებისა და დამხობების გამოყენებით. ყველა უმკაცრესად დაისჯება, ვინც კანონის ფარგლებში არ იმოქმედებს და კანონს დაარღვევს. ჩვენ მართალი ვართ და ყველა გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ,” – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები